„იმედია, გუარდიოლა სიტიში დარჩება“ - უეინ რუნი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელმა უეინ რუნიმ იმედი გამოთქვა, რომ პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება.
„ზოგიერთ ფეხბურთელს მისი წასვლა უნდა, ზოგიერთს კი - დარჩენა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ თამაშობს და ვინ არა. ასეთია ნებისმიერი მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამოკიდებულება. იმედია, გუარდიოლა დარჩება, იმიტომ რომ ის შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს, პრემიერლიგას კი საუკეთესო მწვრთნელები სჭირდება.
თუ პეპი მაინც წავა, „სიტიმ“ ვენსან კომპანი უნდა მოიყვანოს. ის კლუბს შიგნიდან იცნობს და „ბაიერნში“ წარმატებებს მიაღწია. როგორც ჩანს, ბევრი რამ მას გუარდიოლასგან აქვს ნასწავლი.
დიდი ალბათობით, მომდევნო მწვრთნელს პეპი შეარჩევს. ვფიქრობ, ის თავს ერთგვარ მენტორად თვლის, „სიტიში“ 10 წელი გაატარა და გუნდის სანდო ხელში გადაბარებას მოისურვებს“.
ცნობისთვის, გუარდიოლას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, თუმცა ბრიტანელი ბუქმეკერების აზრით, ზაფხულში პეპი თანამდებობას დატოვებს, მას კი ენცო მარესკა ჩაანაცვლებს.