ფლიკის უარი ფეხბურთელებს - ბარსა სათამაშო სტილს არ შეცვლის
ჰანს-დიტერ ფლიკი „ბარსელონას“ სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს, ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას" ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ ფლიკის ზედმეტად შემტევი სქემით, რომელიც დაცვის ხაზს პრობლემებს ხელოვნურად უქმნის. გუნდი თვლის, რომ თუნდაც დანაკლისის დროს, შესაძლებელია უფრო მეტად პრაგმატულად თამაში.
ფლიკი გუნდის აზრს არ იზიარებს. მთავარი მწვრთნელი იმ აზრისაა, რომ სწორედ ასეთი თამაშის წყალობით მოიპოვა „ბლაუგრანამ“ სამი ტიტული გასულ სეზონში და მიიჩნევს, რომ წარმატების გამეორება შესაძლებელია, თუ გეგმას ზუსტად მიჰყვებიან. ამის შესახებ მან ფეხბურთელებს დღევანდელ შეკრებაზე აცნობა.
შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ვარჯიშის წინ გაიმართა. ფლიკმა განაცხადა, რომ მოთამაშეებმა კვლავ ძველი ინტენსივობით უნდა დაიწყონ თამაში და კატალონიელთა ბოლო მატჩებში დაშვებული ყველა შეცდომა განიხილა. ასევე, საუბარი შეეხო მეტოქის კართან „ბარსელონას“ დაბალ ეფექტურობას.
„ბლაუგრანას“ უახლოესი მატჩი „ლევანტეს“ წინააღმდეგ 22 თებერვალს გაიმართება.