„არ წახვიდეთ ამერიკაში“ - ბლატერმა ფანებს მოუწოდა
2026 წელი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო შევა, რომ მუნდიალი გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება და 32-ის ნაცვლად 48 მონაწილე ეყოლება. წლის მთავარ საფეხბურთო მოვლენას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამი ქვეყანა, აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კი, რომელსაც მარტში 90 წელი უსრულდება, ბევრისთვის მოულოდნელად, გულშემატკივრებს შეერთებულ შტატებში გამგზავრებისგან და მატჩებზე დასწრებისგან თავის შეკავება ურჩია.
ზეპ ბლატერი
რამდენიმე დღის წინ იურისტისა და სისხლის სამართლის საქმეების პროფესორის მარკ პიტის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაცია, იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობა და სხვა ფაქტორები, რასაც შეერთებულ შტატებში ვხედავთ, სიმშვიდესა და გულშემატკივრების მოგზაურობას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევ, თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან და მატჩებს ტელევიზორში უყურონ. ვინც არ დამიჯერებს და იქ ჩავა, დაიმახსოვრონ, რომ თუ ხელისუფლების მითითებებს არ დაემორჩილებიან, მაშინ უკან, სახლში დააბრუნებენ, ესეც საუკეთესო შემთხვევაში...
ცნობისათვის, ზეპ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 1998 წლის 8 ივნისიდან 2015 წლის 21 დეკემბრამდე მუშაობდა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელის პოსტი ჯანი ინფანტინომ გადაიბარა.