ჩიმაევი პერეირაზე: მისი გუნდი ზედმეტს ლაპარაკობს, ამიტომ არანაირი პატივისცემა აღარ არსებობს
ხამზატ ჩიმაევმა უპასუხოდ არ დატოვა გლოვერ ტეიშეირას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ალექს პერეირა სხვა დონეზეა და „ბორზს“ მაქსიმუმ მესამე რაუნდში დაანოკაუტებს, თუ ასეთი ბრძოლა ოდესმე შედგება.
„ბორზი – 15 გამარჯვება. შამა (პერეირა) – 13 გამარჯვება და 3 მარცხი. ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ესაა. თუ ჩემს მიმართ პატივისცემას გამოიჩენ, მეც პატივისცემით გიპასუხებ. შამას გუნდი ზედმეტს ლაპარაკობს, ამიტომ არანაირი პატივისცემა აღარ არსებობს. თუ შამა სირბილს შეწყვეტს, ორ დივიზიონში გავხდები ჩემპიონი“,
– დაწერა სოციალურ ქსელში ჩეჩენმა მებრძოლმა და გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც პერეირა ნოკაუტშია, ტეიშეირა კი ირჟი პროხაზკასთან მახრჩობელა ილეთით აგებს.
მანამდე ჩიმაევმა არაერთხელ გამოიწვია პერეირა, რასაც ბრაზილიელი მეტწილად აიგნორებდა, ბოლოს კი „პოატანს“ ოქტაგონის გაზიარება მიმდინარე წლის ივნისში, „თეთრ სახლში“ დაგეგმილ ტურნირზე შესთავაზა.
ამ მომენტისთვის ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონია, ალექს პერეირა კი მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ტიტულს ნახევრად მძიმე წონაში ფლობს.