მებრძოლი აწონვისას თაღლითობაზე გამოიჭირეს | UFC 325-ზე ერთი ბრძოლა გაუქმდა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში UFC 325-ის წინ აწონვების ცერემონია გაიმართა. მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ (144.5 ფუნტი) და მისმა მეტოქემ, დიეგო ლოპესმა (145 ფუნტი) წონა წარმატებით ჩააბარეს. თანამთავარი მოვლენის მონაწილეებმა, დენ ჰუკერმა და ბენუა სენ-დენიმ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 155.75 ფუნტი.
უმსუბუქეს წონით დივიზიონში მოასპარეზე ახალზელანდიელმა აარონ ტაუმ, რომელსაც მონღოლეთის წარმომადგენელ ნამსრაი ბატბაიართან უნდა ეჩხუბა, ორგანიზატორების მოტყუება სცადა. მან სპეციალური კაბინის შემოტანა მოითხოვა, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც წონის დასაფიქსირებლად მებრძოლებს გაშიშვლება უწევთ, შემდეგ კი ამ კაბინის კედლებს იდაყვები დაადო, რათა თავისი წონა გადაენაწილებინა.
თუმცა ამან აარონ ტაუს არ უშველა, ვინაიდან ის საჭირო წონაზე 2.5 ფუნტით მძიმე აღმოჩნდა, ხოლო როდესაც მას წესების დაცვით აწონვა აიძულეს, ზედმეტმა წონამ 4 ფუნტი შეადგინა. საბოლოოდ, UFC-ის გადაწყვეტილებით ტაუს და ბატბაიარის ჩხუბი გაუქმდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აარონ ტაუსთვის (11-1) UFC-ში სადებიუტო ბრძოლა უნდა ყოფილიყო.