„უნდა ვიჩხუბოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს“ - იმავოვი ჩიმაევს იწვევს
რამდენიმე თვის წინ, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონს ხამზატ ჩიმაევს ტიტულის პირველი დაცვისთვის ბრძოლაში მეტოქედ არა რეიტინგის პირველი ნომერი ნასურდინ იმავოვი, არამედ შონ სტრიკლენდი შეურჩიეს, ამ ფაქტმა საყოველთაო გაოცება გამოიწვია. საბოლოოდ მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზად ის განაცხადეს, რომ ნასურდინსა და ხამზატს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბი არ სურდათ. სწორი იყო თუ არა სიტუაციის ასეთი ფორმულირება, ამის თაობაზე ახლა შეკითხვით იმავოვს მიმართეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ვიჩხუბებ თუ არა ახლა ჩიმაევთან? სრულიად შესაძლებელია. ეს სპორტია და ბევრმა არასწორად გაიგო ჩემი და ხამზატის ნათქვამი, როდესაც განვაცხადეთ, რომ ბრძოლის გამართვა არ გვსურდა. დიახ, არ გვსურდა, მაგრამ უნდა ვიჩხუბოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს.
ასე რომ, თუ UFC-ის ხელმძღვანელები ამას საჭიროდ ჩათვლიან, ჩემსა და ჩიმაევს შორის ბრძოლა აუცილებლად შედგება, ოღონდ თრეშ-თოკის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ბევრი საერთო მეგობრები გვყავს და უთანხმოება მხოლოდ ოქტაგონში მოგვივა, მის მიღმა ეს გამორიცხულია. ამის გამო, შესაძლოა ბევრმა მოიწყინოს, მაგრამ სამაგიეროდ ერთ რამეს გპირდებით, იმავოვი-ჩიმაევის ჩხუბი გაცილებით უფრო სანახაობრივი იქნება, ვიდრე სტრიკლენდი-ჩიმაევი იყო“.
ცნობისათვის, ნასურდინ იმავოვს UFC-ში ხუთბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს - მან რომან დოლიძეს, ბრენდან ალენსა და კაიო ბორალიოს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა, ხოლო ჯარედ კანონიერი და ისრაელ ადესანია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.