„მილანში, ან იუვენტუსში ველოდი“ - კარაგერი სალაჰით გაოცებულია
მოჰამედ სალაჰის „ლივერპულიდან“ „ტრაბზონსპორში“ გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 34 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თურქეთის სუპერლიგის კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 14.5 მილიონი ფუნტი იქნება. ტრაბზონში სალაჰს ისეთი შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი სიხარულს ვერ მალავდა, თუმცა ბუნებრივია, არსებობენ ექსპერტები, რომლებიც მის გადაწყვეტილებას მართებულად არ მიიჩნევენ და მათ შორისაა ყოფილი „ლივერპულელი“ ჯეიმი კარაგერი, რომელმაც აფრიკელი ვარსკვლავი თურქეთში გადაბარგების გამო ღიად გააკრიტიკა.
ჯეიმი კარაგერი
თავის დროზე, როდესაც სალაჰის საუდის არაბეთში შესაძლო გადაბარგების თაობაზე იწერებოდა, არასოდეს არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, რადგან ის ამ ქვეყნის ჩემპიონატისთვის ზედმეტად კარგი იყო. თურქეთზეც იგივეს ვფიქრობ, სუპერლიგაში გადასვლა მისთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია.
სიმართლე გითხრათ, მოჰამედს პირადად არ ვიცნობ და მასთან არასოდეს მისაუბრია, მაგრამ გოლების რაოდენობა და ვარჯიშებისადმი მიდგომა მაძლევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ის გადაწყვეტილებებს ბოლომდე სპორტული პრინციპების გათვალისწინებით მიიღებდა. ბუნებრივია, გოლებს თურქეთშიც გაიტანდა, მაგრამ მეგონა მადას შეიმცირებდა, „მილანში“, ან „იუვენტუსში„ გადავიდოდა და ასპარეზობას უფრო მაღალ დონეზე განაგრძობდა.
ცნობისათვის, მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ ღირსებას 2017-2026 წლებში იცავდა და ამ ხნის განმავლობაში მერსისაიდელებთან ერთად ორჯერ როგორც ინგლისის პრემიერლიგა, ასევე ქვეყნის ლიგის თასი მოიგო, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციის თასის, ქვეყნის სუპერთასის, უეფას სუპერთასის და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა.