„რომ არა მესი, ოქროს ბურთს მოიგებდა“ - ნეიმარის აგენტის ინტერვიუ
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნეიმარმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მართალია, საკლუბო დონეზე ასპარეზობას განაგრძობს, მაგრამ თავადაც კარგად ხვდება, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა. რატომ არ წარიმართა 34 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის კარიერა ისე, როგორც ამას ელოდნენ, ამის თაობაზე ერთ-ერთმა გამოცემამ შეკითხვით ნეის ყოფილ აგენტს ვაგნერ რიბეირუს მიმართა, რომელმაც თითოეულ თემაზე ამომწურავად ისაუბრა და შეიძლება ითქვას, რომ სკანდალური ინტერვიუც შედგა.
რას ამბობს ნეიმარის აგენტი
ახლა შეკითხვებს დავსვამ და თავად ვუპასუხებ. ნეიმარს მთელ მსოფლიოში იცნობენ? დიახ. ფეხბურთის წყალობით დიდი ფული იშოვა? დიახ. გაიტანა ბევრი ლამაზი გოლი, რომელსაც ახლაც კი ატრიალებენ ინტერნეტ-სივრცეში? დიახ. გახდა თუ არა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც ბრაზილიის ნაკრებს აქამდე არასოდეს ჰქონდა მოგებული? დიახ. გახადა თუ არა პელეს ეპოქის შემდეგ პირველად ისევ ცნობადი კლუბი „სანტოსი“ და მოაგებინა თუ არა „თევზებს“ ყველა შესაძლო ტურნირი, მათ შორის ლიბერტადორესის თასი? დიახ. ითამაშა პსჟ-ში და მისი სახელი და გვარი ეიფელის კოშკზეა. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და მართალია დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ტურნირი იქამდე „ბარსელონასთან“ ერთად ჰქონდა მოგებული.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, რაც არ უნდა გააკეთოს ნეიმარმა მოედანს მიღმა, მისი საქციელი მუდამ უდიდეს მასშტაბებს იღებს. პოკერს „სან პაულუს“ ფორვარდთან ხონათან კალერისთან ერთად თამაშობდა, მაგრამ რატომ განიხილავენ მხოლოდ ნეიმარს და არა კალერის, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ფეხბურთელია? იმიტომ, რომ ნეიმარი მუდამ უდიდეს რეზონანსთან არის დაკავშირებული და ეს აბსურდია.
სიმართლე გითხრათ, თავის დროზე მე პირადად მინდოდა ნეიმარი „რეალში“ გადასულიყო და საამისოდ ყველაფერი გავაკეთე. მოლაპარაკებებს მადრიდელებთან ვაწარმოებდი, მეორე აგენტი ანდრე კიური კი, რომელსაც საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი, „ბარსელონასთან“. რატომ აირჩია „ბარსა“? ნეის კატალონიური კლუბის ყველა ფეხბურთელმა დაურეკა, „ბლანკოსიდან“ კი არც ერთ მოთამაშეს არ დაურეკავს, მხოლოდ ფლორენტინო პერესი ეკონტაქტებოდა. მისი „ბარსაში“ გადასვლით იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, იმასაც ვფიქრობდი, რომ საფეხბურთო საქმიანობას მთლიანად ჩამოვშორებულიყავი, რადგან ფლორენტინო პერესისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომელიც ვერ შევასრულე. იმიტომ ვერ შევასრულე, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მუდამ ფეხბურთელი იღებს. არადა, წარმოიდგინეთ „რეალის“ წარმომადგენლები ბრაზილიაში 15 დღე იმყოფებოდნენ და მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო.
რატომ ვერ მოიგო „ოქროს ბურთი“? პოლიტიკის გამო, „რეალში“ რომ გადასულიყო, მოიგებდა. „ბარსელონაში“ მესიზე არანაკლები სეზონები ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, მაგრამ პრიზებს ლეო იგებდა, რადგან „ბარსასთვის“ და ევროპისთვის მესის დომინაციის გაგრძელება მაშინ უფრო სასარგებლო იყო. გარდა ამისა, მაშინ „რეალი“ კულისებში გაცილებით ძლიერად მუშაობდა, ვიდრე „ბარსელონა“.
ცნობისათვის, ნეიმარი სკანდალში ბოლოს რამდენიმე დღის წინ „სანტოსის“ სათასო შეხვედრის დასრულების შემდეგ გაეხვა, როდესაც მეტოქე გუნდის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს დაუპირისპირდა. ეს თამაში „თევზებმა“ 1:0 მოიგეს და ნეიმ საგოლე გადაცემა შეასრულა.