„გავარდით! გავარდით!“ | ნეიმარს მეტოქე გუნდის ხელმძღვანელებთან დაპირისპირება მოუვიდა
ბრაზილიის თასის 1/8-ფინალში ნეიმარის „სანტოსი“ სტუმრად „რემოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გავიდა. ნეიმარმა საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასით რონიმ გაიტანა — 0:1.
მატჩის შემდეგ მიქს-ზონაში ქაოსი დატრიალდა და ინციდენტის ეპიცენტრში სწორედ ნეიმარი აღმოჩნდა. ის გასახდელისკენ მიემართებოდა, როდესაც მას და „რემოს“ ქომაგებსა და ხელმძღვანელებს დაპირისპირება მოუვიდათ. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ისმის ყვირილი და შეურაცხყოფა.
ვიდეოში ჩანს ეპიზოდი, როდესაც ნეიმარი „რემოს“ წარმომადგენლებს უყვირის: „გავარდით! გავარდით!“, შემდეგ კი მათ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე პასუხობს. „რემოს“ წარმომადგენლებმა დამცავი ბარიკადის გარღვევა სცადეს, თუმცა სტადიონის დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.
„სანტოსი ამას არ იმსახურებს. ამ არარაობა ნეიმარმა, რომელსაც უამრავი ბავშვი აღმერთებს, კლოუნადა მოაწყო, მოვიდა და ჩვენი პროვოცირება სცადა. ჩვენი ბრალია, რომ ასეთ არარაობებს ვაღმერთებთ“, — განაცხადა „რემოს“ პრეზიდენტმა, ანტონიო კარლოს ტეიშეირამ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე „რემოს“ გულშემატკივრები ნეიმარის მისამართით სკანდირებდნენ: „ნეიმარ, ჯანდაბაშიც წასულხარ“. შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში სწორედ ამ მომენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და ირონიულად დაწერა: „მადლობა ბელემს (ქალაქი ბრაზილიაში) თბილი მიღებისთვის“.