ბისპინგი: ეს ძარცვა არ არის, მაგრამ სონგმა ომალის მოუგო
UFC-ის კომენტატორი მაიკლ ბისპინგი არ ეთანხმება მსაჯების გადაწყვეტილებას შონ ომალისა და სონგ იადონგის ბრძოლაში, რომლის გამარჯვებულადაც ამერიკელი მებრძოლი გამოცხადდა.
ბისპინგის თქმით, მან პირველი რაუნდი სონგს მისცა, მაშინ როდესაც სამივე მსაჯმა სასტარტო მონაკვეთში უპირატესობა ომალის მიანიჭა.
„სონგ იადონგი ბევრს და ძლიერად ურტყამდა, თითოეულ დარტყმაში მთელ ძალას დებდა. შონი კარგად მოძრაობდა, დისტანციას ინარჩუნებდა, მაგრამ დარტყმებს მაინც ატარებდა. არცერთ მათგანს სერიოზული ზიანი არ მიუყენებია მეტოქისთვის, თუმცა პირველი რაუნდის ბოლოს სონგმა ფეხებში კარგი შესვლა განახორციელა და ბრძოლა პარტერში გადაიყვანა.
ომალი შეეცადა „გილიოტინაზე“ დაეჭირა მეტოქე, მაგრამ არ გამოუვიდა. სონგი დაუძვრა, ზემოდან მოექცა, მართალია სერიოზული დაზიანება არ მიუყენებია, მაგრამ კონტროლის, პრესინგისა და საერთო აგრესიის გათვალისწინებით, პირველი რაუნდი მას ეკუთვნოდა“,
- განაცხადა ბრიტანელმა თავის YouTube-არხზე ბრძოლის გარჩევისას.
ბისპინგმა ჩინელ მებრძოლს მეორე რაუნდიც მიაკუთვნა, ხოლო დასკვნითი - ამერიკელს, და ბრძოლის შედეგით ძალიან გაკვირვებული დარჩა.
„ეს შოკია. შონ ომალი გადაწყვეტილებით იგებს. მე ამას არ ველოდი. მეგონა, რომ ანგარიში 2-1 იქნებოდა სონგის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, თანაბარი ბრძოლა იყო. პირველი ორი რაუნდი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. პატივი უნდა ვცეთ ომალის - ის გამარჯვებით დაბრუნდა და ეს არ იყო მარტივი. მე ამას „ძარცვას“ არ ვუწოდებ. პირადად ჩემს ქულებში 2-1 იყო სონგის სასარგებლოდ, მაგრამ რაუნდები მართლაც ძალიან თანაბარი იყო“,
- დასძინა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა.