უსიკი: ფიურისთან ტრილოგიას ერთი პირობით დავთანხმდები
კრივში ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ალექსანდრე უსიკი, შემდეგ ბრძოლაში რინგის გაყოფას ამერიკელ დეონტეი უაილდერთან აპირებს. თუმცა, უკრაინელი არ გამორიცხავს, რომ ტაისონ ფიურისთან ტრილოგია დაასრულოს, რომელიც მიმდინარე წელს პროფესიული კარიერის განახლებას გეგმავს.
„რატომაც არა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ისევ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იქნება“,
- განაცხადა უკრაინელმა მოკრივემ RT Fight-თან ინტერვიუში.
უსიკმა ასევე განმარტა, თუ რატომ თქვა უარი WBO-ს ტიტულის დაცვაზე ფაბიო უორდლის წინააღმდეგ და რატომ აირჩია მეტოქედ „ბრინჯაოს მბომბველი“ (The Bronze Bomber).
„პირველ რიგში, ეს არის აშშ - მე მინდა კრივი ამერიკაში. მეორეც, უაილდერი ბოლო ათი წლის განმავლობაში მწვერვალზე იყო. ეს სპორტული ინტერესის საკითხია. „დიდ სამეულში“ იყვნენ ჯოშუა, ფიური და უაილდერი. მე ორჯერ დავამარცხე ჯოშუა, ორჯერ დავამარცხე ფიური და დარჩა მხოლოდ ერთი, ვინც ჯერ არ დამიმარცხებია - უაილდერი“,
- განმარტა უკრაინელმა.
17 იანვარს უსიკმა 39 წლის იუბილე აღნიშნა და ჯერჯერობით პროფესიული კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.
„სკეპტიკოსებს ჩემთან ერთად ვარჯიშზე დავპატიჟებდი. თუნდაც ერთ ვარჯიშზე. ასაკი მხოლოდ ციფრია. თუ საკუთარ სხეულს პატივისცემით ეპყრობი, ზრუნავ მასზე, ვარჯიშობ, სწორად იკვებები, აღდგენით პროცედურებს გადიხარ და დროულად იძინებ, მაშინ ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს“,
- აღნიშნა უსიკმა.