„ილიასთან აპრილში ჩხუბს არ ვაპირებ“ | პიმბლეტის განცხადება და კრიტიკა სოც ქსელებში
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, TMZ Sports-ს ინტერვიუ მისცა. „ბედი“ ილია თოფურიას პოსტს გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ აღნიშნა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა აპრილში, მაისში ან ივნისში გაიმართება და პიმბლეტი სწორედ ამ საკითხს შეეხო.
„ჯასტინ გეიჯის კარიერას დავუსრულებ და შემდეგ ილია თოფურიას მივხედავ. ილიასთან აპრილში ჩხუბი? მოცდა მოუწევს. ნამდვილად არ ვაპირებ, მასთან აპრილში ვიჩხუბო. თოფურიამ მალოდინა და ახლა თავად მოუწევს ლოდინი. ივნისში ან ივლისში ვიბრძოლებ.“
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ MMA-ის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბის გამარჯვებული იქნება. ეს ორი მებრძოლი 25 იანვარს, UFC-ის 2026 წლის პირველ ღონისძიებაზე, ჩხუბობს და გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს.
საინტერესოა, რომ პიმბლეტის სიტყვებს სოციალურ ქსელებში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. MMA-ის ქომაგები წერენ, რომ „ბედი“ ილიასთან სატიტულო ჩხუბს არ იმსახურებდა და არაა სწორი, როდესაც ამბობს, რომ მოქმედმა ჩემპიონმა „ალოდინა“.