„სწორედ ამის გამოა, რომ რაც დრო გადის, უფრო კარგად თამაშობს...“ - მარსელინო მიქაუტაძეზე
ხვალ, გიორგი მიქაუტაზის „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელი სპეციალისტი გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო და მისი „აიაქსში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
რა თქვა მარსელინომ:
„ნიდერლანდებში, კერძოდ კი „აიაქსში“ ყოფნისას, ვფიქრობ, მის თამაშზე ახალგაზრდულმა ასაკმა იქონია გავლენა. ჟორჟი მაშინ სულ რაღაც 20-21 წლის იყო, ახლა კი უკვე 24 წლისაა. იქ ძალიან ცოტა დრო მისცეს და ამიტომ რთულია რაიმე დასკვნის გამოტანა.
აქ, ჩვენთანაც, მას ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა, რაც ყოველთვის აღმავლობითა და დაღმავლობით ხასიათდება. ჩემი აზრით, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ახლა ის გაცილებით უკეთაა ჩართული გუნდის დინამიკაში. უკვე კარგად იცნობს ესპანურ ცხოვრების წესს, თვითონ ჩემპიონატს და გაცილებით მეტი გამოცდილებაც დააგროვა, ვიდრე „აიაქსში“ ჰქონდა.
სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ რაც დრო გადის, ჟორჟი სულ უფრო უკეთესად თამაშობს. ის ახლა ახალ საფეხბურთო ეტაპზეა. კლუბმა მასში სერიოზული ინვესტიცია ჩადო და გვჯერა, რომ ყველა მოლოდინს გაამართლებს.
რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ერთი სული გვაქვს როდის მოვა მატჩის დაწყების დრო. გვინდა პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ, მით უმეტეს აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. ცხადია, ჩემპიონთა ლიგა ისე არ წაგვივიდა, როგორც გვინდოდა და ვგეგმავდით. ფაქტია, რომ ვერ გავამართლეთ ის მოლოდინი, რომელიც თავად ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბსა და ფანებს გვქონდა. ეს რეალობაა, ფეხბურთი ასეთია.
საბედნიეროდ, ლა ლიგაში სულ სხვა ტემპით მივდივართ, იქ სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. თუმცა, ახლა წინ ეს თამაშია და მისი მოგება გვინდა. ვფიქრობ, ხვალინდელი გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი შვება იქნება და მას გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნავთ.
ვიმედოვნებთ, ხვალ ყველაფერი პირიქით იქნება იმასთან შედარებით, რაც „კოპენჰაგენთან“ მოხდა: მაშინ სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპა ლიგის ჰიმნი გვესმოდა და ჩვენც ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. გვინდა, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ამ მატჩით ჩვენს მოედანზე გულშემატკივარს ლამაზად დავემშვიდობოთ.“
6 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილში 1 ქულა აქვს და „პლეი-ოფში“ გასვლის შანსი პრაქტიკულად, დაკარგული აქვს, თუმცა, მცირე თეორიული შანსი მაინც არსებობს, რაც ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მათთვის სასიკეთოდ წარიმართოს. „ვილიარეალისა“ და „აიაქსის“ დაპირისპირება 20 იანვარს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.