ცვლილებაზე შესვლიდან სამ წუთში - მელიქიძის და სტად ფრანსეს საოცარი ქამბექი
ევროპის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის მხოლოდ „შავი ლომის“ მიერ „მონტობანთან“ სტუმრად მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით არ იყო აღსანიშნავი. „სტად ფრანსემ“ საკუთარ სტადიონზე „ექსეტერ ჩიფსთან“ საოცარი თამაში მოიგო, რაშიც გიორგი მელიქიძემ დიდი წვლილი შეიტანა.
საოცარი იმიტომ, რომ ინგლისელები ფრანგებს პირველი ტაიმის შემდეგ 17:0-ს ამარცხებდნენ და თითქოს მათ გამარჯვებას არანაირი საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდათ, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ოთხჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი და 27:25 გაიმარჯვეს. „სტად ფრანსეს“ რიგებიდან პირველი და გარდამტეხი ლელო გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა, რომელიც ცვლილებაზე 48-ე წუთზე გამოჩნდა, 51-ეზე კი, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დადო.
ცნობისათვის, გიორგი მელიქიძის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 15 შეხვედრაში 7 ლელოა. აქედან ექვს შემთხვევაში 29 წლის ქართველმა მორაგბემ მეტოქის ჩათვლის მოედანი საფრანგეთის TOP 14-ში, ხოლო ერთხელ ჩელენჯ თასზე აიღო.