დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მესამე მატჩში - ნინიაშვილი მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს

დავით ნინიაშვილმა „ლა როშელის“ შემადგენლობაში ლელოს დადება ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა. საფრანგეთის TOP 14-ში, „ტულუზასთან“ და „ტულონთან“ თავის გამოჩენის შემდეგ, 23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გუშინ, ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის III ტურში, სტუმრად ირლანდიის „ლენსტერთან“ (24:25) წაგებულ დაპირისპირებაში მოახერხა ამის გაკეთება.

პირველი ტაიმი ფრანგებმა ხუთქულიანი სხვაობით, 7:12 დათმეს და მათ რიგებში ერთადერთი ლელო 29-ე წუთზე სწორედ ნინიაშვილმა დადო, რომელმაც თანაგუნდელების რამდენიფაზიანი შეტევა მარცხენა ფლანგზე ჩვეული ჩარბენითა და ლამაზ ნახტომში დამიწებული ბურთით დაასრულა.

დაძაბული ბრძოლა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა და საბოლოოდ „ლენსტერმა“ მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოიგო, ხოლო ნინიაშვილი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ აქტიური გახლდათ, 73-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება „ლა როშელის“ კიდევ ერთ ქართველ მორაგბეს, ალექსანდრე ქუნთელია შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო.

ცნობისათვის, ექვსგუნდიან ჯგუფში სამი ტურის შემდეგ „ლა როშელი“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ლენსტერს“ 8 ქულით ჩამორჩება. ირლანდიელებთან ჯახამდე წელს ამ ტურნირზე ნინიაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე „ლესტერ ტაიგერსი“ (39:20) დაამარცხეს, ხოლო სტუმრად „სტორმერთან“ (21:42) წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოქრილს ბრონკანი შეცვლის - ბორჯღალოსნების ახალი დამრიგებელი ცნობილია
ქოქრილს ბრონკანი შეცვლის - ბორჯღალოსნების ახალი დამრიგებელი ცნობილია