„მე მისი ღამის კოშმარი ვარ და ვერც თოფურიას მოუგებს“ - ცარუკიანმა პედიზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში სულ მალე პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა შედგება, რის შემდეგაც მათი გამარჯვებული სავარაუდოდ ილია თოფურიასთან დაპირისპირებისთვის მოემზადება, რომელიც ბოლო ინფორმაციით ოქტაგონს, მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს. წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება უწევს დივიზიონის პირველ ნომერს არმან ცარუკიანს, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას პიმბლეტიზე ვრცლად ისაუბრა და არცთუ დადებითი შეფასებები გამოუვიდა.
არმან ცარუკიანი
პედი პიმბლეტს ყოველთვის სურდა და სურს რომ ტრავმა მივიღო, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩემთან ბრძოლა აღარ მოუწევს. იცის რომ მისი ღამის კოშმარი ვარ და არანაირი შანსი არ ექნება, რის გამოც მთელი ცხოვრებაა გამირბის.
UFC-ის ხელმძღვანელებს პედისგან ჩემპიონის გამოყვანა სურთ და იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ ჩემთან დაპირისპირებაში ვერაფერს გახდებოდა და მისი ვარსკვლავი საბოლოოდ ჩაქრებოდა, ჯასტინ გეიჯის შეახვედრეს, რომელიც ლივერპულელისთვის ამჟამად იოლი ფულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პიმბლეტი ნამდვილი ჩემპიონი ვერასოდეს გახდება, რადგან ამ დივიზიონში ილია თოფურიაა, რომელსაც ის ვერასოდეს დაამარცხებს.
მართალია ვთქვი, რომ პიმბლეტი გეიჯის აჯობებს, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს. პედიმ რომ მოიგოს, ის იმდენად მშიშრაა, ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყვის, რასაც გეიჯი არასოდეს გააკეთებს, რადგან ის სხვანაირი ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა UFC 324-ის ფარგლებში თბილისის დროით 26 იანვარს შედგება.