თოფურია: კონორი ახლა? მისთვის არ მცალია, შეუძლია ჩემთან ივარჯიშოს
ილია თოფურია კონორ მაკგრეგორს მომდევნო სატიტულო ბრძოლისთვის ერთად ვარჯიშს სთავაზობს.
არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში, თოფურიამ აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, მას, სავარაუდოდ, არასდროს მიეცემა UFC-ის ოქტაგონზე მაკგრეგორთან ბრძოლის შანსი, მათ შესაძლოა 2025 წელს ერთად ივარჯიშონ.
„ეს არასდროს მოხდება, არასდროს. როგორ?! მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, ის კი რეიტინგშიც კი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებს, შეგვიძლია რაღაც მოვიფიქროთ... ჩემი მომდევნო ბრძოლის მოსამზადებელ ბანაკში მას ვეპატიჟები. მასაც და დენ ჰუკერსაც - შეუძლიათ ორნახევარი წუთი ერთმა იმუშაოს და ორნახევარი მეორემ.
ყოველ რაუნდში შევცვლი ხოლმე მათ, ამის გაკეთება შეგვიძლია. ოფიციალური ბრძოლა შეუძლებელია და ამ ეტაპზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლები მაქვს, ვიდრე კონორ მაკგრეგორთან... კონორ „მაკჩიქენთან“ (McChicken).“
- განაცხადა თოფურიამ.
„ელ მატადორი“ ოქტაგონს 14 ივნისს, „თეთრ სახლში“ გამართულ UFC-ის ტურნირზე დაუბრუნდება, სადაც სადღესასწაულო ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება, რომელიც მსუბუქ წონაში დროებითი ტიტულის მფლობელია.