მბაპე: კრიტიკოსების გასაჩუმებლად თამაში 80 წლამდე მომიწევს
დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა 2026 წლის მუნდიალის პირველ მატჩში სენეგალს 3:1 მოუგო. მბაპემ დუბლი შეასრულა, რაბიოს პასით ბარკოლამ შეაგდო, ერთადერთი საპასუხო გოლი მბაიეს აქტივშია.
სენეგალთან შესრულებული დუბლით კილიან მბაპე საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მის აქტივში 58 გოლია, ოლივიე ჟირუს გადაასწრო.
მატჩის შემდეგ მბაპემ ფრანგულ M6+-თან ისაუბრა: "არ ვფიქრობ, რომ ჯერ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, თუმცა ტურნირის ასე დაწყება ყოველთვის კარგია. ეს ოდნავ მეტ სიმშვიდეს გაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მშვიდად არასდროს ხარ. სხვა გუნდების მაგალითზეც ვნახეთ, რომ გამარჯვებით დაწყება რთულია. ყველა ნაკრებმა იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალურია, ყველას სურს მოგება და თავისი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენა. დღეს მარტივი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. ვიცით, რომ გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია და ეს გვეხმარება.
კრიტიკა? აქ შურისძიებაზე საუბარი არ არის. ჩემი კრიტიკოსების გასაჩუმებლად რომ დავიწყო თამაში, ფეხბურთში დარჩენა 80 წლამდე მომიწევს. ვთამაშობ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში კვალი დავტოვო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩია. ხალხი შეიძლება აღფრთოვანდეს ან გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი საქმეს ყოველთვის ცივი გონებით უნდა მივუდგეთ."
ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ერაყი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება მეორე ტურს, საფრანგეთის მეტოქე ერაყი იქნება, სენეგალი კი ნორვეგიას შეხვდება - ორივე მატჩი 23 ივნისს გაიმართება.