დეშამი: “შვება ვიგრძენით, ცოტა დაძაბულები ვიყავით“
დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა 2026 წლის მუნდიალის პირველ მატჩში სენეგალს 3:1 მოუგო. მბაპემ დუბლი შეასრულა, რაბიოს პასით ბარკოლამ შეაგდო, ერთადერთი საპასუხო გოლი მბაიეს აქტივშია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, ლუის ენრიკეს პსჟ-ს ფეხბურთელია.
მატჩის დასრულების შემდეგ, მამლების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა.
დეშამი:
„შვება ვიგრძენით. ცოტათი დაძაბულები და ფრთხილები ვიყავით, რადგან მეტოქეც ძლიერი გუნდი იყო. თამაში უფრო თავისუფლად შევძელით მას შემდეგ, რაც დემბელეს და ოლისეს პოზიციები შევუცვალეთ. ბრედლი ბარკოლა კი მუდმივად დიდ საფრთხეს ქმნიდა.
პირველი მატჩის მოგება ოთხგუნდიან ჯგუფში გადამწყვეტი არ არის. ფრანგი გულშემატკივრები ჩვენს მხარდასაჭერად შორიდან ჩამოდიან და ეს მათთვის საკმაოდ ძვირი ჯდება. ფეხბურთი მაშინ არის ჯადოსნური, როცა იმარჯვებ და ამ ემოციების გაზიარება შეგიძლია.
ბარკოლას შესახებ? ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში თამაშის სრული უფლება აქვს. მათ შორის რაიან შერკისაც. ამ ტურნირზე თითოეული ფეხბურთელი დაგვჭირდება,“
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და ახლა ის 58 გოლით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. რეალის ვარსკვლავმა ჟირუს რეკორდი გააუმჯობესა. ასევე კილიანს მუნდიალზე 14 გოლი დაუგროვდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 23 ივნისს ირანის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.