როი ჯონსი გეიჯის ილიასთვის მოამზადებს? - „თუ გადამიხდის, დავეხმარები“
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, როი ჯონს უმცროსმა განაცხადა, რომ მზადაა, UFC-ის მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის ამავე წონის ჩემპიონ ილია თოფურიასთან ჩხუბისთვის მომზადებაში დაეხმაროს.
„როგორ უნდა გაუმკლავდეს გეიჯი თოფურიას კრივის ტექნიკას? დარტყმის სიმძლავრის ჩახშობა უნდა ისწავლოს. დარტყმის ხაზიდან გასვლა, ნაწილობრივი ბლოკირება - უნდა იცოდე, როგორ ჩაახშო მეტოქის დარტყმის ძალა, რათა შემდეგ საპასუხო დარტყმა მიაყენო.
დარტყმების გაცვლა კრივი არაა, ეს ჩხუბია. კრივის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მეტოქეს დაარტყა და მისი დარტყმები დაბლოკო.
დავეხმარები თუ არა ჯასტინს? რა თქმა უნდა. მე უარს არავის ვეუბნები, დავეხმარები ყველას, ვისაც ღმერთის სწამს. ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა და თუ ვინმე მზად არის, სათანადოდ აანაზღაუროს ჩემი დრო, მას აუცილებლად დავეხმარები“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯი-თოფურიას დაპირისპირება UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და 14 ივნისს გაიმართება.