„ილიას საოცარი შვილი ჰყავს, უბრალოდ აღვნიშნე რამდენად მაგარი ბავშვია“ | ალი აბდელაზიზი
ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა ახსნა, ილია თოფურიას შვილის სახელი რატომ ახსენა. აბდელაზიზმა საკუთარი კლიენტის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეიჯი „ელ მატადორს“ რემატჩს არ მისცემს.
„ილია არ მეზიზღება და მასზე ცუდად საუბარს არ ვაპირებ. ყველა, ვინც იცნობს, ამბობს, რომ ის კარგი ბიჭია — მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან. ბრძოლამდე ისედაც ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მათ უკვე იჩხუბეს და, სიმართლე გითხრათ, როდესაც შევხვდი, მასზე წარმოდგენა შემეცვალა.
რაც შეეხება ილიას შვილს, ერთ-ერთი ბრძოლისას მის გვერდით ვიჯექი და საოცარი ბიჭი ჰყავს, უდიდესი ქარიზმით. მის შვილზე ცუდად საუბარი კი არ დამიწყია, უბრალოდ კომპლიმენტი ვუთხარი და ამით გახარებული უნდა იყოს. ჩემს შვილს ვინმემ კომპლიმენტი რომ უთხრას, გამიხარდება. უბრალოდ აღვნიშნე, რამდენად მაგარი ბავშვია.
საბოლოო ჯამში, ილია თოფურია დაბრუნდება. სავარაუდოდ, პედის შეხვდება, ან არმანს, ან ვინმე სხვას. ის შემდეგ ბრძოლას ჯასტინთან არ ჩაატარებს. პირობებს ის ვერ კარნახობს. იცით, წარსულში ასე მხოლოდ ერთმა კაცმა გააკეთა — მისი სახელია კონორ მაკგრეგორი, ის კი კონორ მაკგრეგორი არ არის და არც არავინაა კონორი“.
ცნობისთვის, ილიას განცხადების შემდეგ აბდელაზიზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თოფურიასთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებდა, რადგან „ელ მატადორის“ შვილი მისი მეგობარია. ქართველმა მებრძოლმა გავლენიან მენეჯერს უპასუხა და მოსთხოვა, მისი შვილი ამ ყველაფერში არ გაერია.