„გეიჯის ხელთათმანებზე საუბარი სისულელეა, თავს იმართლებს“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცარუკიანს ილია თოფურიას შესახებ დაუსვეს შეკითხვა და არმანმა განაცხადა, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო ჩხუბი სატიტულო დაპირისპირება არ იქნება — ის, სავარაუდოდ, პედი პიმბლეტს შეხვდება.
„ილია და მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლის მიღებას ეცდებიან, მაგრამ არაფერი გამოუვათ. თოფურიას მომდევნო მეტოქე პედი პიმბლეტი იქნება, თუმცა ყველაფერი ჯასტინ გეიჯიზეა დამოკიდებული. ის კარიერას დაასრულებს ან დიდ ჰონორარს მოითხოვს. ვფიქრობ, UFC მას ფულს გადაუხდის და ჯასტინი დარჩება. ორგანიზაციამ მითხრა, რომ ჩემი მომდევნო ჩხუბი ტიტულისთვის იქნება.
გეიჯის არჩევანი რომ მისცენ, რა თქმა უნდა, ჩემთან ჩხუბს არ აირჩევს. ჩემსა და ილიას შორის რომ ჰქონდეს არჩევანი, თოფურიასთან ბრძოლას აიღებს, რადგან ერთხელ უკვე დაამარცხა და იცის, რომ მეორედაც შეუძლია გამარჯვება.
თოფურია თუ პიმბლეტი? რთულია. გააჩნია, ილია როგორ დაბრუნდება. ის ან ძალიან ძლიერი დაბრუნდება და პედის დაანოკაუტებს, ან ძალიან მძიმედ დამარცხდება. პიმბლეტს კარგი ნიკაპი აქვს და დარტყმების ატანა შეუძლია. ილია ძირითადად ნოკაუტით იგებს და პედის დანოკაუტება გაუჭირდება. პიმბლეტს კარგი კარდიოც აქვს და შანსები 50-50-ზეა.
რას ვფიქრობ ილიას წაგებაზე? შეიძლება, მარცხის გამო უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდეს, გამარჯვებას მეტად იყოს მოწყურებული და მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს, რის წყალობითაც ბევრად უკეთესი მებრძოლი გახდება, ვიდრე იყო.
რაც შეეხება მის მიერ გეიჯის ხელთათმანებზე გაკეთებულ განცხადებას, ეს სრული სისულელე იყო. არ მჯერა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ეს შეუძლებელია. კომისიის წარმომადგენლები გაკვირდებიან და ყველაფერს ამოწმებენ. სამი სხვადასხვა ორგანიზაცია გაკვირდება და ილიას ეს განცხადება უბრალოდ თავის მართლებაა. მარცხს უნდა შეეგუოს, ცხოვრება გააგრძელოს და ოქტაგონში დაბრუნდეს“.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა UFC 331-ზე გამართა და თანამთავარ მოვლენაში მაურისიო რუფი დააფინიშა. არმანმა პირველი რაუნდის ბოლოს, ნოკაუტით მოიგო და საჩემპიონო ორთაბრძოლის მისაღებად სერიოზული განაცხადი გააკეთა.