სლოტი: გიორგი მომდევნო კვირები არ იქნება, ალისონი ბრუნდება, თუმცა...
არნე სლოტმა დაადასტურა, რომ შესაძლოა ალისონი პრემიერ ლიგის შაბათის მატჩში, „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ დაბრუნდეს, თუმცა აღიარა, რომ ბრაზილიელისთვის ეს თამაში შესაძლოა „ზედმეტად ადრე“ იყოს. გარდა ამისა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი.
„მერსისაიდელები“ „ენფილდზე“ გასამართ შეხვედრას საუკეთესო ხუთეულში პოზიციების გამყარების იმედით ხვდებიან. „პალასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მეექვსე ადგილზე მყოფ „ბრაიტონთან“ სხვაობა რვა ქულამდე გაზარდონ.
„არა, გიორგი ხვალ და მომდევნო კვირების განმავლობაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება.
ალისონი დაბრუნებასთან ახლოსაა. ვნახოთ, იქნება თუ არა ხვალინდელი დღე მისთვის ნაადრევი. ეს გვიტოვებს ფრედი ვუდმენის ვარიანტს, რომელიც ნამდვილად მზადყოფნაშია“.
- განაცხადა სლოტმა.
თამაშის შემთხვევაში, ეს ვუდმენისთვის, გასულ ზაფხულს კლუბში გადასვლის შემდეგ, „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებული მესამე მატჩი იქნება, ხოლო პრემიერ ლიგურ კარიერაში - მხოლოდ მეხუთე სასტარტო შეხვედრა. სლოტის თქმით, მესამე მეკარე მზადაა, თუკი მისი დახმარება დასჭირდებათ.