გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

„ქართველი ნდობას გოლებით ამართლებს“ - ვინ იქნება სასტარტოში? კონკურენცია რასინგში

გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ, ლა ლიგა 2-ში ფეხი მარტივად მოიკიდა. 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამჯერად, სანტანდერელთა მთავარ მწვრთნელს ხოსე ლოპესს, სასიამოვნო თავსატეხი აქვს გაჩენილი. გუნდს ტრავმირებული ფორვარდები დაუბრუნდნენ და მან უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ დარჩება თადარიგში და ვინ იქნება სასტარტოში.

28 წლის გამოცდილი ბასკი ფორვარდი ასიერ ვილალიბრე ტრავმის შემდეგ ათამაშდა და უკვე 3 გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც ძირითადში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ესპანური გამოცემა eldiariomontanes-ი „რასინგში“ არსებულ მდგომარეობასა და გულიაშვილის შანსებზე წერს.

„რასინგს გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სამი ახალი მოთამაშის დამატება მოუხდა იმ უიღბლო მოვლენების სერიის გამო, რომელიც მათ თავდასხმის ხაზს დაატყდა თავს: გუნდის აღმოჩენის, ჯერემის იძულებითი ტრანსფერი, რომელსაც უკვე რვა გოლი ჰქონდა გატანილი, ხუან კარლოს არანას ქრონიკული ტრავმები და ცუდი ფორმა, ასიერ ვილიალიბრეს დაზიანება და ერთ-ერთი ახალწვეულის, მანექს ლოსანოს მიერ მიღებული მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა. ამ ვითარების წინაშე აღმოჩენილი რასინგი, რომელმაც სეზონი სამი თავდამსხმელით დაიწყო და იანვარში კიდევ სამი დაიმატა (ლოსანო, გიორგი გულიაშვილი და ხაიმე მატა), მოულოდნელად იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ რამდენიმე ტურის განმავლობაში განაცხადში მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი ჰყავდა.

ხოსე ალბერტო ლოპესს აკადემიის მოთამაშის, სანტი ფრანკოს გამოძახება და გულიაშვილის ფორვარდად გადაკეთებაც კი მოუხდა, რომელიც უფრო ფლანგის შემტევია. ახლა ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა: არანა უკვე ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, ვილიალიბრე საუკეთესო ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა (ის უკვე დაუბრუნდა მოედანს და გოლების გატანასაც), ქართველი კი გამოცხადებულ ნდობას გოლებით პასუხობს.

ამ ახალი მოცემულობით, გუნდი, რომელსაც გოლების გატანის არაჩვეულებრივი უნარი აქვს, მწვრთნელს ამ სეზონში თითქმის უპრეცედენტო დილემის წინაშე აყენებს: ვინ დატოვოს სათადარიგო სკამზე? ვილიალიბრე უკვე მზადაა სასტარტოში სათამაშოდ და მისი სტატუსის, გარემოებებისა და გატანილი გოლების გათვალისწინებით (მას 13 გოლი აქვს, აქედან 3 დაბრუნების შემდეგ), ის ადგილს ძირითადში ითხოვს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გულიაშვილმა ნდობას ბრწყინვალედ უპასუხა - 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც 12-ჯერ სასტარტოში იყო. მისმა სტატისტიკამ გაამართლა მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ გიორგის ამ პოზიციაზე თამაში ბუნებრივად შეეძლო.

ახლა მწვრთნელმა არჩევანი ბასკი მოთამაშის საჯარიმოში ყოფნასა და ქართველის უფრო დიდ მობილურობას შორის უნდა გააკეთოს. მხოლოდ მან და მისმა შტაბმა იციან, ვინ დაიწყებს თამაშს. ნათელია მხოლოდ ის, რომ არანას, რომელსაც ლიგაში თითქმის არ უთამაშია და გოლიც არ გაუტანია, და მატას - სკამზე მოუწევთ შანსის ლოდინი.

ამ მომენტისთვის „ბიზონის“ (ვილიალიბრეს მეტსახელი) უმოქმედობამ (ის ნელ-ნელა აგროვებს წუთებს, მაგრამ მწვრთნელმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ ის ჯერ არ იყო მზად სრული მატჩისთვის) გულიაშვილს სასტარტოში გზა გაუხსნა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ბასკს საუკეთესო ფორმისთვის ჯერ არ მიუღწევია, ის მზად ჩანს თამაშის მინიმუმ ბოლო მესამედი მაღალ დონეზე ჩაატაროს, რაც ძირითადში მოსახვედრად მის შანსებს ზრდის. თუმცა მას მაინც სერიოზული და თითქმის მოულოდნელი კონკურენცია ხვდება, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში ჯერემის შემთხვევაში მოხდა.

ორივე თავდამსხმელის აბსოლუტური ციფრები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გულიაშვილმა 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ვილიალიბრემ კი 26 მატჩში - 13. დაახლოებით ორმაგი სხვაობა ნაწილობრივ ქართველის იანვარში მოსვლით აიხსნება. თუმცა, ვილიალიბრეს ძირითადში თამაშისა და წუთების უფრო მაღალი საშუალო მაჩვენებელი აქვს, ამიტომ გოლების გატანის ინტენსივობით ციფრები მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ის გოლს ყოველ 146 წუთში იტანს, მაშინ როცა მის მეტოქეს გოლისთვის მხოლოდ 86 წუთი სჭირდება.

ცხადია, რომ თუ ამჯერად არანას გამოჯანმრთელებაც დადასტურდება, გუნდი ლიგის ბოლო ექვს მატჩს თავდასხმაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია მათი სათამაშო სტილისა და შემტევი ნახევარმცველების უზარმაზარი წვლილის გათვალისწინებით. ეს ისეთი თამაშია, რომელიც რასინგს უყვარს“.

- წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „რასინგი“ მომევნო ტურის შეხვედრას 26 აპრილს, სტუმრად „სეუტასთან“ გამართავს. გულიაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 68 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებს „დეპორტივოსა“ და „ალმერიას“ 4-4 ქულით უსწრებს. ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე 6 ტური რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები