ქოქრილს ბრონკანი შეცვლის - ბორჯღალოსნების ახალი დამრიგებელი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია - რამდენიმე კვირის წინ გადამდგარ რიჩარდ ქოქრილს 51 წლის ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი შეცვლის, რომელიც ბორჯღალოსნებს ივნისიდან ჩაიბარებს, იქამდე კი მის მოვალეობას იტალიელი მარკო ბორტოლამი შეასრულებს, რომელიც მოგვიანებით ფრანგის ასისტენტი იქნება. ეს ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, დღეს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბრონკანი 1992-2018 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებში მუშაობდა, 2018 წლიდან კი უკვე ინგლისში გაემგზავრა და „ბათსში“ მიიღო ორწლიანი გამოცდილება. 2023 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელს ედი ჯონსს ეხმარებოდა და მოლის კონსულტანტად მუშაობდა. საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას 2022 წელს მიაღწია, როდესაც „კასტრი“ TOP 14-ის ფინალში გაიყვანა. ამჟამად კი „ბრივის“ დამრიგებელია, სადაც მისი ხელმძღვანელობით სამი ქართველი მორაგბე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ვახტანგ აბდალაძე და გიორგი შველიძე თამაშობს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ივნისამდე საქართველოს ნაკრებს მისი მომავალი ასისტენტი მარკო ბორტოლამი მოამზადებს და ასევე ის იქნება „შავი ლომის“ დამრიგებელი, სადაც იტალიელი სპეციალისტის დებიუტი უკვე დღეს, ევროპის ჩელენჯ თასზე „მონტობანთან“ შეხვედრაში შედგება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.