გიორგი ნემსაძე, რიჩარდ ქოქრილი
Aa
Aa

„რიჩარდმა ნაკრებს სიახლეები ვერ შესთავაზა“ - ნემსაძე ცვლილებას სწორად მიიჩნევს

2026 წელს საქართველოს მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრებები სერიოზული საკადრო სიახლეებით ხვდებიან - 20-წლამდელების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლადო კილასონიას ვიტო კოლელიშვილი შეცვლის, ხოლო 18-წლამდე ნაკრების დამრიგებელი ზურაბ ამონაშვილის ნაცვლად გიორგი ნემსაძე იქნება. Crystalsport-თან ინტერვიუში საუბრისას ახალი გამოწვევის გარდა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გიორგი ნემსაძე

რა ასაკიც არ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს ნაკრებზეა საუბარი, მუდამ სენსიტიური თემაა. პასუხისმგებლობას ისიც აორმაგებს და ზრდის, რომ ურთიერთობა ბავშვებთან გაქვს. ეს ის ასაკია, სადაც ვთქვათ გამარჯვებაა საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ვეცდებით მთავარი ყურადღება მაინც თამაშის ხარისხზე იყოს გადატანილი. მაქსიმუმს გავაკეთებთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაკარგული ტიტული დავიბრუნოთ და საამისოდ ის ორი ფესტივალიც დაგვეხმარება, რომელზეც კონტინენტის პირველობამდე უნდა ვიასპარეზოთ.

მსოფლიოს თასზე საინტერესო ჯგუფში მოვხვდით იმ კუთხით რომ გვყავს მეტოქე, რომელთანაც რაგბიში ბოლო წლებში ნამდვილი შეჯიბრება გვაქვს გამართული. „იტალია საქართველოს წინააღმდეგ“ - ასეთი ფრაზები სოციალურ მედიაში ხშირად ისმის და ამიტომაც წინ საინტერესო დაპირისპირება გველოდება. თუმცა, სათქმელია, რომ პლანეტის პირველობამდე დარჩენილ ორ წელიწადში აპენინელები ექვს ერსა და ახალ ტურნირში უძლიერეს ოპონენტებს დაუპირისპირდებიან, მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრები მაქსიმუმ სამოას, ან კანადას შეიძლება შეხვდეს. ეს ყველაფერი მიზნის მიღწევას ართულებს, მაგრამ ერთი მხრივ საინტერესოსაც ხდის.

რაც შეეხება რიჩარდ ქოქრილს, ბორჯღალოსნებს სიახლე აშკარად სჭირდებოდათ, რაც ინგლისელმა სპეციალისტმა ვერ შემოგვთავაზა. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ცუდი მწვრთნელია, ან ვერ იმუშავა, უბრალოდ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა.

მის შემცვლელებად სამი კანდიდატი დასახელდა. ბრონკანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონატში ორი წელი ვთამაშობდი და ნამდვილად კარგი მწვრთნელია. ფრანკ აზემაზეც მიდის საუბარი და უორენ გეთლენდზეც, რომლის დონის მწვრთნელიც მე რაც რაგბი მითამაშია, არასოდეს შემხვედრია.

„შავი ლომი“ თავის ფუნქციას ნამდვილად ასრულებს. მართალია წლევანდელი წელი ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე რთულია, მაგრამ ვთამაშობთ ევროპის ჩელენჯ თასზე, რაც ჩემი აზრით ქართული რაგბის ზეიმად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თანაც, სამწუხაროდ, დიდი 10 ჯერჯერობით იმ დონეზე არ დგას, რომ აქ მოთამაშე მორაგბეები სანაკრებო მატჩებისთვის კარგად იყვნენ მზად, რის გამოც ფრენჩაიზის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ცნობისათვის, აპრილამდე, ანუ დიდი 10-ის დასრულებამდე გიორგი ნემსაძე ქუთაისის „აიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს, რის შემდეგაც მთლიანად სანაკრებო ვერტიკალზე გადაერთვება და მხოლოდ საქართველოს 18-წლამდე გუნდს მოამზადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თაობით შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება“ - მათიაშვილი ბორჯღალოსნებზე
„ამ თაობით შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება“ - მათიაშვილი ბორჯღალოსნებზე