ოთხი ლელო, ორი სადებიუტო - ქართველების ტური TOP 14-ში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტური ქართველი ლეგიონერებისთვის წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. მეტოქის ჩათვლის მოედანი ოთხმა ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა, სერგი აბრამიშვილმა, ვლადი აშვეთიამ და გიორგი ძმანაშვილმა აიღეს. ბოლო ორი მათგანისთვის კი ეს ლელოები TOP 14-ში სადებიუტო გახლდათ.
„ლა როშელი“ სტუმრად საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ „ტულუზასთან“ 14:60 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში კი ნინიაშვილმა გახსნა, რომელმაც მასპინძლების ჩათვლის მოედანი მეხუთე წუთზე აიღო. 23 წლის ქართველი მორაგბისთვის ეს მიმდინარე სეზონში გამართულ მეათე შეხვედრაში, საიდანაც ცხრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 633 წუთი გაატარა, მეხუთე ლელო გახლდათ.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძველ ფორმას იბრუნებს „სტად ფრანსეს“ ქართველი მორაგბე სერგი აბრამიშვილი, რომელმაც სტუმრად „ბაიონთან“ დაძაბულ ბრძოლაში 34:35 წაგებულ შეხვედრაში ლელო დადო. 22 წლის მოთამაშისთვის ეს მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამე მატჩი გახლდათ, საიდანაც ორი ძირითადში დაიწყო და მოედანზე 163 წუთი გაატარა.
ვლადი აშვეთიამ საფრანგეთის TOP 14-ში ლელო კარიერაში პირველად დადო. „რასინგმა“ საკუთარ სტადიონზე „მონტობანი“ 61:16 დაამარცხა და მასპინძლების რიგებში ერთ შემთხვევაში მეტოქის ჩათვლის მოედანი 20 წლის ქართველმა მორაგბემ აიღო. აშვეთიამ საერთო ჯამში ბურთი 5-ჯერ წაიღო, 5 ბოჭვა შეასრულა, 2-ჯერ მეტოქე გუნდის მცველი გააბითურა და ბურთით 27-მეტრიანი მანძილი დაფარა.
აშვეთიას მსგავსად ევროპის საუკეთესო სარაგბო ლიგაში პირველად გამოიჩინა თავი გიორგი ძმანაშვილმა, რომელიც „კლერმონს“ „ბორდოს“ (34:19) დამარცხებაში დაეხმარა. 23 წლის ქართველს წელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, მხოლოდ მესამედ ითამაშა და სამივეჯერ ცვლილებაზე, ხოლო მოედანზე საერთო ჯამში 55 წუთი გაატარა.
ცნობისათვის, ცამეტი ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატს 47 ქულით მოქმედი ჩემპიონი „ტულუზა“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „პოს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.