ნემსაძე 18-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს - მიზანი ტიტულის დაბრუნებაა
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია - ამ თანამდებობაზე ზურაბ ამონაშვილი გიორგი ნემსაძემ შეცვალა, რომელსაც აქამდე ამავე ასაკობრივ ნაკრებში შერკინების მომზადება ევალებოდა, პარალელურად კი ქუთაისის „აიას“ დამრიგებლის პოსტს ითავსებდა.
„აიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე ნემსაძე ქუთაისის სარაგბო სკოლის ხელმძღვანელი გახლდათ. რაც შეეხება მისი მოთამაშის კარიერას, რაგბის თამაში მშობლიურ „აიაში“ დაიწყო, ხოლო 2007 წლიდან საფრანგეთში გადავიდა და სხვადასხვა პერიოდში „დომონის“, „მასის“, „მონტობანის“, „აჟენისა“ და „ტარბის“ ღირსებას იცავდა, რასაც მოჰყვა ინგლისის „ბრისტოლსა“ და უელსის „ოსფრიზში“ გატარებული პერიოდი მოჰყვა. საქართველოს ნაკრების რიგებში გიორგი 2005 წლიდან თამაშობდა, 95 შეხვედრაში 14 ლელო დადო, სამ მსოფლიოს თასზე იასპარეზა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო.
ცნობისათვის, სავარაუდოდ, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი ევროპის ჩემპიონატზე წაგებული ფინალის შემდეგ დადგა - ქართველი მორაგბეები გადამწყვეტ მატჩში ესპანელებთან 11:16 დამარცხდნენ და კონტინენტის პირველობაზე ექვსწლიანი ჰეგემონია დაასრულეს.