„ღმერთმა დიდი საქმეების გასაკეთებლად შეარჩია“ - ჯონსმა ისლამზე ისაუბრა
UFC-ის მებრძოლების 90 პროცენტი ბლიც-ინტერვიუს დროს შეკითხვაზე თუ ვინ არის MMA-ს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, ჯონ ჯონსს ასახელებს, რაც ამ უკანასკნელის მიღწევებიდან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ. რთული სათქმელია, იბრძოლებს თუ „ბოუნსი“ თეთრი სახლის მასშტაბურ ღონისძიებაზე, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ მას კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და ჯერჯერობით აზრი არ შეუცვლია. როდესაც თავად ჯონსს თანამედროვე UFC-სა და მის ლიდერებზე ჰკითხეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ისლამ მახაჩევი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ჯეკ დელა მადალენასთან მისი დამაჯერებელი გამარჯვება ოდნავადაც არ გამკვირვებია. არც UFC-ში მისი დომინაცია მიკვირს, რადგან ის განსაკუთრებულია.
ზოგიერთი ადამიანი ღმერთისგან დიდი საქმეების გასაკეთებლად არის შერჩეული და ისლამი სწორედ ასეთია. ძალიან მაინტერესებს რა გეგმები აქვს მას მომავალში, რადგან კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. სწორ გზაზე დგას და იმ მცირერიცხვოვან მებრძოლთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ბოლომდე ვაფასებ“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ბოლოს ნოემბერში იბრძოლა და ქვესაშუალო დივიზიონში ჯეკ დელა მადალენას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ გახდა რიგით მეთერთმეტე მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.