ის უბრალოდ ლეგენდებს ანადგურებს | ჰუპერი გეიჯისთან ილიას მორიგ დომინაციას ელის
ჩეიზ ჰუპერს არ ჰგონია, რომ MMA-ში ჯასტინ გეიჯის კარიერას ზღაპრული დასასრული ექნება და გაცილებით ურჩევნია იხილოს, თუ როგორ „დაანოკაუტებს ბოლოს და ბოლოს დაღესტნელს“ თოფურია.
ჩეიზ ჰუპერი Home of Fight-ის წამყვანს, ჯეიკ ნოკერს ესაუბრა.
ჯეიკ ნოკერი: "...ამ ღონისძიების მთავარ ბრძოლაზეც ვისაუბროთ, რადგან ეს შენი დივიზიონია. ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას წინააღმდეგ. ვინ მოიგებს?"
ჩეიზ ჰუპერი: "ჯასტინი ძალიან მიყვარს და მინდა, რომ მან მოიგოს. მინდა, რომ ქამარი მოიპოვოს და თავისი კარიერა ასე, ზღაპრულად დაასრულოს, მაგრამ, ჯანდაბა, ილია უბრალოდ ანადგურებს ამ სპორტის ყველა ლეგენდას და ის ფაქტი, რომ ეს ბრძოლა შედგება, ძალიან მამწუხრებს. იმიტომ რომ... ვინ იფიქრებდა, რომ ის ასე ჩამოიშორებდა გზიდან ვოლკს, მაქსს და ჩარლზს?
ბევრად მერჩივნა ილიასა და ისლამის ბრძოლა მენახა. ამ შემთხვევაში ის მაინც გამიხარდებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს დაღესტნელს დაამარცხებდა. მაგრამ არა, მგონი უბრალოდ ისევ ისე დამწყდება გული, როგორც მაშინ, როცა მისი და ჩარლზის (ოლივეირას) ბრძოლას ვუყურე. ეგრევე გამოვრთეთ ეკრანი და მერე ყველა, ცოტა ხნით, უბრალოდ სიჩუმეში ვისხედით.
მგონია, რომ ახლაც იგივე განმეორდება. რაზეც, მგონი სტივ გარსიამაც თქვა: რატომ უწევთ ამერიკელებს ამ ქარდზე ასეთი გიჟური და რთული ბრძოლების ჩატარებაო? არ გინდათ, რომ საკუთარ კედლებში მოიგონ? თუმცა, რა ვიცი..."
26 წლის ჩეიზ ჰუპერი 2019 წლიდან UFC-შია, ორგანიზაციაში 12-დან 8 ბრძოლა მოიგო, 4 დათმო. ბოლო ბრძოლა 2025 წლის აგვისტოში ალექსანდრ ერნანდესთან გამართა და ნოკაუტით დამარცხდა.
14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).