„ისლამს ცალი ფეხი რომ ჰქონოდა, ამ ჩხუბს მაინც მიიღებდა“ | მახაჩევის მენეჯერი ილიაზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა TMZ Sports-ს ინტერვიუ მისცა. აბდელ-აზიზმა განაცხადა, რომ მახაჩევისთვის ილია თოფურიასთან ჩხუბი არ შეუთავაზებიათ და ისლამი მომდევნო ორთაბრძოლას ტიტულის ნომერ პირველ პრეტენდენტთან გამართავს.
„ისლამს ქვესაშუალო წონაში სხვა ჩხუბი შესთავაზეს, რომელიც ღონისძიების მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო. მახაჩევმა ამაზე თანხმობა განაცხადა და ხელის ტრავმის გამო ივლისში ჩხუბი აირჩია.
შემიძლია გითხრათ, რომ ილიასთან ბრძოლა მართლაც რომ შემოეთავაზებინათ, ისლამს ცალი ფეხიც რომ ჰქონოდა, მაინც დათანხმდებოდა. მახაჩევს უკვე დაგეგმილი აქვს ზაფხულში ჩხუბი ქამრის ნომერ პირველ პრეტენდენტთან. ყველაფერი შეთანხმებულია და UFC ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.
ილიასა და მახაჩევის ბრძოლაზე საუბარი მიდიოდა. შუადღეს დამირეკეს და ეს საკითხი განვიხილეთ. ამ დროს ისლამს ეძინა. ამ ჩხუბის პერსპექტივით აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი ზარი გვქონდა და მითხრეს, რომ ეს ორთაბრძოლა დამევიწყებინა. მახაჩევს სანამ რამეზე დაველაპარაკებოდი, ყველაფერი მანამდე დასრულდა.“
ცნობისთვის, ქვესაშუალო წონის რეიტინგში პირველი ნომერი ამ მომენტისთვის ჯეკ დელა მადალენაა, რომელსაც კარლოს პრატესთან ორთაბრძოლა აქვს ჩანიშნული. მეორე პოზიციაზე იან მაჩადო გარი იმყოფება, ხოლო მესამე ადგილზე მაიკლ მორალესია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება.
რაც შეეხება თოფურიას, ილიას მენეჯერმა განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ ჯასტინ გეიჯისა და ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაელაპარაკნენ. თოფურიამ მახაჩევი აირჩია, თუმცა ეს ჩხუბი არ ჩაინიშნა და ილია გეიჯის წინააღმდეგ იბრძოლებს.