„ეს თარიღი ყოველთვის მემახსოვრება“ | მამაგეიშვილისა და ბერიაშვილის კომენტარები
გიზი მამაგეიშვილი და ილია ბერიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. „ჯვაროსნები“ მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ და მამაგეიშვილმა და ბერიაშვილმა კომენტარები გააკეთეს.
გიზი მამაგეიშვილი: „ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება თარიღად, რომელიც არასდროს წაიშლება და ყოველთვის მემახსოვრება. ნაკრებში პირველად გამოძახება ფეხბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტია და ემოციური პიკია. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ამაზე ვოცნებობდი. ასაკობრივი ნაკრებები ძალიან დამეხმარა და ბედნიერი ვარ. უბედნიერესი დღეა. როცა გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ეს მიზანი მომავალშიც მექნება, რადგან ყველას სურს, ყოველი მომდევნო შეკრება ნაკრებთან ერთად გაატაროს“
ილია ბერიაშვილი: „მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, არ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, თუმცა ასეთ ეტაპზე ეს ემოციები მაინც თავს იჩენს. ამ სანაკრებო შეკრებას მოუთმენლად ველოდებოდი და იმედი მქონდა, რომ გამომიძახებდნენ.“
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი მარტში ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ისრაელთან 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ლიეტუვასთან შეხვედრა, ეს თამაში 29 მარტს, თბილისის დროით, 17:00-ზე არის ჩანიშნული.