ვინისიუსი: “გვინდა ბრაზილია ისევ მწვერვალზე დავაბრუნოთ“
დღესდღეობით ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავია, რომელმაც საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე წარსდგა.
გრიზმანი და „რეალი“
„გრიზმანი შესანიშნავი ფეხბურთელია, დიდი კარიერა ჰქონდა ესპანეთში და საფრანგეთის ნაკრებშიც. ძალიან მომწონს ის და ყველაფერი, რაც გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამერიკის ლიგას ბევრს შემატებს, მე მხოლოდ „რეალზე“ ვფიქრობ და მინდა იქ დიდხანს დავრჩე.“
ბრაზილია ფავორიტია?
„არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, თუ ბოლო შედეგებს შევხედავთ. მაგრამ მაისურის წონა და ის ფეხბურთელები, ვინც აქ გვყავს... უბრალოდ უნდა გავერთიანდეთ. ანჩელოტის მოსვლის შემდეგ უკეთ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ. ეს წნეხსაც გვიმსუბუქებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრაზილია ისევ მწვერვალზე დავაბრუნოთ. არ გვინდა ვიყოთ ფავორიტები — გვინდა ვიყოთ საუკეთესოები.“
საკუთარი როლი ნაკრებში
„ყველას უნდა, რომ ერთ-ერთი ლიდერი ვიყო და ამისთვის მზად ვარ. უკვე ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე და აღარ მინდა წაგება. ბევრს ვმუშაობ, რომ ტრავმები ავირიდო. გუნდში დიდი კონკურენციაა — რაფინია, ჟოაო პედრო, ახალგაზრდები — ენდრიკი, ესტევაო. ყველანი მზად ვართ. ზოგჯერ სტანდარტული მდგომარეობებიც წყვეტს თამაშს — ასე იგებენ მსოფლიო ჩემპიონატს.“
ანჩელოტის მუშაობის სტილი
„მწვრთნელი მუდმივად გვესაუბრება — გვეკითხება, სად გვირჩევნია თამაში, როგორ გვინდა დაცვა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს. ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისგან ბევრს ვსწავლობთ. გვინდა, მისი იდეები რაც შეიძლება სწრაფად დავნერგოთ მოედანზე.“
საფრანგეთთან მატჩზე
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ძლიერი გუნდი ჰყავთ — მათ შორის ჩემი თანაგუნდელებიც „რეალიდან“. თამაში გახსნილი იქნება, არც ერთი გუნდი არ დაიხევს უკან. კარგი ტესტი იქნება ჩვენთვის. გულშემატკივრების მხარდაჭერა ყოველთვის გადამწყვეტია — როცა ერთად ვართ, დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“
მსოფლიო ჩემპიონატი და გამოცდილება
„ნაკრებში უკვე დიდი ხანია ვარ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ. ახალგაზრდები ბევრ კითხვას სვამენ, როგორც მე ვაკეთებდი თავიდან. ვცდილობ, იგივე სიმშვიდე გადავცე მათ. ნაკრებში თამაში განსაკუთრებულია — ეს ოჯახივითაა.“
საკუთარ ფორმასა და კრიტიკაზე
„არ ვაქცევ დიდ ყურადღებას იმას, რას ამბობენ სხვები. ვიცი, რა არის ჩემი საქმე. ახლა ჩემს საუკეთესო ფორმაში ვარ — ვცდილობ, გოლებითა და ასისტებით გუნდს დავეხმარო. რაც „რეალში“ გამომდის, მინდა იგივე გავაკეთო ნაკრებშიც.“
ბრაზილიელთა შორის საუკეთესო?
„ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი, რაფინიაც. კაზემიროს გამოცდილება განსაკუთრებულია. ნეიმარზე ზეწოლა ბუნებრივია — ის ჩემი ერთ-ერთი კუმირია. ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვინდა, საუკეთესოებთან ერთად ვითამაშოთ.“
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.