U20 | ბორჯღალოსნების ორი ტესტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ზაფხულში საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, თებერვალში ორ მაღალი დონის ტესტ-მატჩს გამართავს.
თბილისს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ეწვევა, რომელსაც ვიტო კოლელიშვილის შეგირდები 22 და 27 თებერვალს შეერკინებიან. ეს იქნება კოლელიშვილის სადებიუტო მატჩი 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში.
სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა და მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო - 38:29 და 27:12.