ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მიჭირს ამაზე საუბარი“ | ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი“ ორი მატჩის ჯამში 8:2 გაანადგურა. პარიზელებმა საშინაო შეხვედრა 5:2 მოიგეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი 3:0 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფეხბურთელმა განმეორებითი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა. „კვარამ“ მოედანზე 73 წუთი გაატარა, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა და შეხვედრის შემდეგ საკუთარ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთ საოცარ ატმოსფეროში იმარჯვებ. თავდაჯერება უნდა დაგვებრუნებინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ვიცით, რომ წინ უამრავი თამაში გველოდება და მომდევნო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.

ჩელსის წინააღმდეგ გოლის გატანა ფანტასტიკური შეგრძნება იყო. მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო მატჩებისთვის დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ. საუკეთესო ფორმის დაბრუნებას ვცდილობთ და ყველა თამაში მნიშვნელოვანია.

ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია, რადგან შარშან ჩემპიონთა ლიგა უკვე მოვიგეთ. თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ჩვენი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებული ვიყოთ და თავდაუზოგავად ვიმუშაოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. სტემფორდ ბრიჯზე ჩამოსვლა და 3:0 მოგება იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!

ყოველდღიურად ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და მინდა, გუნდს დავეხმარო. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და გვიხარია, რომ ერთმანეთთან ვთამაშობთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ,“ — განაცხადა კვარაცხელიამ უცხოურ პრესასთან საუბრისას.

აუცილებელია გამოვყოთ კომენტარი, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა Geo Team-ს მისცა. „კვარამ“ აშრაფ ჰაკიმისთან ერთად გოლი ტრადიციულად არ აღნიშნა, რამაც მაროკოელის გაკვირვება გამოიწვია. კვარაცხელიამ ამ ჟესტით ილია მეორის ხსოვნას მიაგო პატივი და გოლი მას მიუძღვნა.

„ჰაკიმის მოგვიანებით აუცილებლად ავუხსნი, რა სიტუაცია იყო. მუხლებზე გასრიალება არ მინდოდა, მაგრამ თამაშში იმდენად ჩართული ვიყავი და იმხელა ემოციებს ვგრძნობდი... ემოციები ვერ გავაკონტროლე და ამის გამო ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი.

მერე ყველაფერი გამახსენდა და ძალიან ვინერვიულე. ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი... არ ვიცი... ჩვენი სულიერი მამა იყო და... მიჭირს რამის თქმა, ამაზე გავჩერდები...“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა. პსჟ „ლივერპულისა“ და „გალათასარაის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება - დინამო სარგებელს ვერ მიიღებს
წიტაიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება - დინამო სარგებელს ვერ მიიღებს