„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი“ 8:2 გაანადგურა. პარიზელებმა პირველი შეხვედრა 5:2 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 გაიმარჯვეს. ქართველმა გარემარბმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც ფრანგულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
L’Equipe: „კვარაცხელიამ, რომელიც დეზირე დუეს ამჯობინეს, სარის შეცდომით ისარგებლა და სანჩესი მშვიდად დასაჯა. თავისი ოსტატობით ბრწყინავდა და მეტოქის რიგებში ქაოსს იწვევდა (მესამე გოლში იყო ჩართული). ასევე, მონდომებული იყო დაცვაში სირბილის კუთხითაც, თუმცა რამდენიმე მომენტში ბურთი დაკარგა.“
RMC Sport: „ქართველი ფეხბურთელის სუპერ გამოსვლა. მან კიდევ ერთხელ გაიტანა და ლუის ენრიკეზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა.“
Footmercato: „ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც პირველ შეხვედრაში გაფორმებული დუბლით უკვე გადამწყვეტი იყო, კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. პარი სენ-ჟერმენის ყველა გამორჩეულ შეტევაში იყო ჩართული, შეუპოვარი ხასიათის წყალობით მამადუ სარი გააწამა და შეცდომა დააშვებინა. ყოველთვის სწორ პასს აკეთებდა და იდეალურად ირჩევდა მომენტს, როცა შეტევაზე წასვლა იყო საჭირო. ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ტექნიკურმა ფეხბურთელმა თავისი მოძრაობებითა და სწრაფი აფეთქებებით, რომელიც მხოლოდ მას აქვს, მაყურებელი მოხიბლა. პარი სენ-ჟერმენის მესამე გოლი მის ელვისებურად სწრაფ გაქცევას მოჰყვა. საოცარი შეხვედრა ჰქონდა.“
Eurosport: „ქართველმა გარემარბმა, რომელმაც გასულ კვირას ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ მარცხენა ფლანგზე დაიწყო, მამადუ სარის შეცდომით ისარგებლა და მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა. ყოველთვის თავისუფალი იყო და ისე აქტიურობდა, რომ ზედმეტი არ მოსდიოდა. 62-ე წუთზე ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა და კინაღამ საგოლე გადაცემა მიითვალა.“
Maxifoot: „ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც გასულ კვირას ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ დეზირე დუეს ამჯობინეს, დაამტკიცა, რომ ჩელსისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მან გოლი მალევე გაიტანა და მამადუ სარის შეცდომით ისარგებლა. ინდივიდუალური თამაშისას შეცდომას არ უშვებდა, ზუსტ პასებს აკეთებდა და დაუღალავად შრომობდა. ლუის ენრიკეს ნდობა გაამართლა.“
Le Parisien: „ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით დაამტკიცა, რომ ჩვეულ ფორმაშია. ამჯერად სარის შეცდომით ისარგებლა და მარცხენა ფეხით გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენი სწორ გზაზე დააყენა და მაიულუს გოლში დიდი წვლილი შეიტანა.“
90min: „პირველი მატჩის ბედის გადამწყვეტ ფეხბურთელს ლუის ენრიკესთვის შეტყობინების გაგზავნა სურდა. მეექვსე წუთზე ქართველმა გარემარბმა ანგარიში გახსნა, სტემფორდ ბრიჯი დაადუმა და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაუნაღდა. ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთი ბრწყინვალე საღამო.“
OnzeMondial: „მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მარცხენა ფეხით ინტრიგა მოკლა და სარის შეცდომით ისარგებლა. მარცხენა ფლანგზე სტრასბურგის ყოფილი ფეხბურთელი გააწამა და რა სწრაფი გაქცევა ჰქონდა მესამე გოლისას! ფორმაში სწორ დროს შევიდა.“
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო მეტოქის ვინაობას „ლივერპული“ და „გალათასარაი“ გაარკვევენ. არის შანსი, მეოთხედფინალში ქართული დერბი ვიხილოთ.