ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო“ | რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Athletic, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 8:2 მოიგო. The Athletic-მა ქართველი გარემარბი გამოარჩია და აღნიშნა, რომ „არისტოკრატებისთვის“ მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო.

კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო

„პარი სენ-ჟერმენის სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, თუმცა „პარკ დე პრენსზე“ გამართულ შეხვედრაში მაინც უდიდესი გავლენა მოახდინა — 28-წუთიანი, გამანადგურებელი გამოსვლის დროს ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას ასპარეზობამ თამაშში გარდატეხა შეიტანა და 2:2-ის ნაცვლად, „ჩელსიმ“ 2:5 წააგო. პარიზში ნაჩვენები მაღალი დონის გამო, ხვიჩა განმეორებით შეხვედრაში დეზირე დუეს ამჯობინეს და ძირითად შემადგენლობაში დააყენეს. „სტემფორდ ბრიჯზე“ მან იქიდან გააგრძელა, სადაც შეჩერდა და 6 წუთში ანგარიში გახსნა.

რეალურად რომ ვთქვათ, კვარაცხელიას გოლმა ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ქართველმა გარემარბმა სარის შეცდომით ისარგებლა და სანჩესის კარი მარცხენა ფეხით აიღო.

მარცხენა ფლანგზე, კოჭებამდე ჩამოწეული საფეხბურთო წინდებით მოთამაშე კვარა მუდმივი საფრთხე იყო — დაკარგული ბურთებისთვის იბრძოდა და თავისი დამახასიათებელი დრიბლინგით ფლანგიდან ცენტრისკენ შედიოდა. მარჯვენა მცველ სარს ძალიან რთული და მძიმე პირველი ტაიმი ჰქონდა, რის შემდეგაც ის აჩეამპონგმა შეცვალა.

კვარაცხელიას ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ამ სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსისთან“ აჩვენა, რომ თავის საუკეთესო ფორმას იბრუნებს და ტრავმებიც უკან მოიტოვა. კვარაცხელია მეტოქე გუნდების დაცვის ხაზებს ატერორებს და მისმა გუნდმა ოპტიმალური ფორმა საჭირო დროს იპოვა“, — წერს The Athletic.

ცნობისთვის, „კვარა“ „ჩელსისთან“ ორივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი გუნდის მომდევნო მეტოქის ვინაობა „ლივერპულისა“ და „გალათასარაის“ წყვილში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე