ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არ ვიცი, ჩელსიმ რა დაუშავა“ | ინგლისელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ შანსი არ დაუტოვა და „არისტოკრატები“ 8:2 გაანადგურა. განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ Football London-ი „ლურჯების“ ფიასკოს გამოეხმაურა. მისმა ჟურნალისტმა, ბობი ვინსენტმა, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია.

„59-ე წუთისთვის „ჩელსიმ“ თამაში შეწყვიტა. იგივე გააკეთა „პარი სენ-ჟერმენმაც“. ლიამ როზენიორმა ფაქტობრივად მარცხი აღიარა, როცა თავისი სამი ვარსკვლავი — ჟოაო პედრო, კოულ პალმერი და ენცო ფერნანდესი — მოედნიდან გაიყვანა. „ჩელსის“ ხუთი გოლი სჭირდებოდა და ეს თეთრი დროშის აღმართვას ჰგავდა. თუმცა, ამავე დროს, შეგვიძლია ეს სწორ გადაწყვეტილებადაც მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რამდენი წუთი ჰქონდათ მათ ბოლო პერიოდში ნათამაშები. უკანასკნელი, რაც როზენიორს სჭირდებოდა, კიდევ ერთი ტრავმა იყო.

„ჩელსის“ შანსი აღარ ჰქონდა. მატჩის სტარტზე, მხოლოდ ექვსი წუთის განმავლობაში, ლონდონელები თამაშში იყვნენ, შემდეგ კი მამადუ სარმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა და ყველაფერს წერტილი დაესვა. არ ვიცი, „ჩელსიმ“ რა გააკეთა ისეთი, რამაც კვარაცხელიას გაბრაზება გამოიწვია, მაგრამ ფაქტია — ქართველი ფეხბურთელი ორივე შეხვედრაში ბრწყინვალე იყო. ამ დაპირისპირების ბედი სწორედ მან გადაწყვიტა.

ეს „ჩელსისთვის“ რეალობასთან შეჯახება იყო. გასულ ზაფხულს, ნიუ-ჯერსიში მათ „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხეს და დაამცირეს, მაგრამ ამჯერად იგივე თავად მიიღეს. „ჩელსიმ“ დათვი გააღიზიანა და საკადრისი პასუხიც მიიღო,“ — წერს Football London-ის ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ჩელსისთან“ გამართული ორივე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ლურჯებს“ სამი გოლი გაუტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო“ | რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე
„მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო“ | რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე