17-წლამდე მოკრივეები - 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
გერმანიის ქალაქ კინბაუმში გამართული 17-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 5 მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ბალაძემ აჩვენა, რომელიც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ბალაძე ფინალამდე მივიდა, სადაც მონტენეგროელ მატია როგანოვიჩთან დამარცხდა.
დანარჩენი ოთხი მედალი კი ბრინჯაოსი გამოდგა, რომელიც რატი ხარბედიამ (46 კგ), შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ) მოიპოვეს. ეს ასაკი და აქ ნაჩვენები შედეგები ქართული კრივის როგორც ხელმძღვანელებისთვის, ასევე გულშემატკივართათვის საყურადღებოა, რადგან ამ თაობას სულ მალე უფროს ასაკში მოუწევს გადასვლა და პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს ღირსების დაცვა.
კინბაუმში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ხუთი პრიზიორის გარდა, კიდევ 12 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლერი ნაკანი გახლდათ, ხოლო ბიჭები ტურნირისთვის ნიკოლოზ იზორიამ მოამზადა.