ოლექსანდრ უსიკი, დეონტეი უაილდერი
Aa
Aa

„ვიღებ ამ ბრძოლას!“ - უაილდერმა უსიკის გამოწვევას უპასუხა

დეონტეი უაილდერი საჯაროდ დათანხმდა ოლექსანდრ უსიკის გამოწვევას.

კრივის მძიმე წონის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა, პირველად საჯაროდ კომენტარი გააკეთა ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის, ოლექსანდრ უსიკის გამოწვევაზე, რომელმაც განაცხადა, რომ სურს, ამერიკელი იყოს მისი შემდეგი მეტოქე.

„როდესაც მან ეს განაცხადა, მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს – მე ვიღებ ამ ბრძოლას, მაგრამ ეს საჯაროდ არ მითქვამს. ამიტომ ახლა, პირდაპირ ამ კამერას ვუყურებ და მინდა ვთქვა – უსიკ, ვაფასებ ამ შესაძლებლობას და ვიღებ ბრძოლას!“

– თქვა „ბრინჯაოს ბომბდამშენმა“ Fight Hub TV-სთან ინტერვიუში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „კრივის მსოფლიო საბჭომ“ ოფიციალური თანხმობა მისცა უსიკისა და უაილდერის ბრძოლაზე, რომელიც უკრაინელისთვის WBC-ის საჩემპიონო ქამრის ნებაყოფლობითი დაცვა იქნება.

უკრაინელმა მოკრივემ მსოფლიო აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მძიმე წონაში ერთი თვის წინ დაკარგა, რადგან უარი თქვა WBO-ის ტიტულის სავალდებულო დაცვაზე და ქამარი გაათავისუფლა. მიმდინარე წლის ივლისში უსიკი მძიმე წონაში ორგზის აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როდესაც მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ბრიტანელი დანიელ დიუბუა.

დეონტეი უაილდერი რინგზე ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში გავიდა, როდესაც მეშვიდე რაუნდში ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა ტაირელ ენტონი ჰენდონზე. ამით WBC-ის ვერსიით მძიმე წონის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ჯოზეფ პარკერთან და ჟილეი ჟანგთან ბრძოლებში განცდილი ორი მარცხი დახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები