სამი მედალი განაღდებულია - მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ტურნირის ნახევარფინალში სამი ქართველი გავიდა და იქიდან გამომდინარე, რომ კრივში მესამე ადგილისთვის შეხვედრები არ არის, სამივემ მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა.
57 კილოგრამ გოგონა მოკრივეთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ჰურამან კასუმოვამ ლიეტუველ ვილტე სავიცკაიტეს მოუგო და მინიმუმ მესამე ადგილი დაიბევა. რაც შეეხება მამაკაცთა ტურნირს, გორ აივაზიანმა (55 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ამინ მამაზადას აჯობა, ხოლო 70 კილოგრამში ლუკა ნიქაბაძემ ისრაელის წარმომადგენელი იეგორ ნოვიკოვი დაამარცხა. ნახევარფინალური ბრძოლები 28-29 ნოემბერს არის ჩანიშნული.
ცნობისათვის, კონტინენტის პირველობაზე იმ სამი სპორტსმენის გარდა, რომელთაც პრიზიორობა გაინაღდეს, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ხუთი ქართველი, ლაშა კერესელიძე (50 კგ), საბა ერემეიშვილი (60 კგ), ლევან დემუროვი (65 კგ), გიორგი ნატროშვილი (75 კგ) და ლანა ბოლქვაძე (60 კგ) გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა.