ნიუკასლის სახელი არ დაწერეს | სანდერლენდი „სტუმრების“ წინააღმდეგ და კატების შურისძიება
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ტაინ-უირის დერბი გაიმართა. ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაში „სანდერლენდი“ „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა. „შავმა კატებმა“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და ნიკ ვოლტემადეს ავტოგოლით 1:0 მოიგეს.
„სანდერლენდს“ „ნიუკასლი“ იმდენად ეზიზღება, რომ „სტედიუმ ოფ ლაითზე“ განთავსებულ ტაბლოზე „კაჭკაჭების“ სახელიც კი არ დაწერა და არც მათი ლოგო გამოაჩინა. კლუბის სახელისა და ლოგოს ნაცვლად ტაბლოზე ეწერა სიტყვა — „სტუმრები“.
მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ ფეხბურთელებმა გამარჯვება საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს და ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა Can’t Help Falling in Love შეასრულეს. „შავმა კატებმა“ ქომაგებთან ერთად ფოტოც გადაიღეს, რაც ერთი შეხედვით გასაკვირი არ არის, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს „შავი კატების“ შურისძიება იყო.

ორი წლის წინ „სანდერლენდი“ და „ნიუკასლი“ ერთმანეთს ასოციაციის თასზე შეხვდნენ. „კაჭკაჭებმა“ 3:0 იმარჯვეს და სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ მოედანზე დარჩნენ, რათა თავიანთ ფანებთან ფოტოები გადაეღოთ. „შავი კატების“ ფეხბურთელმა, დენ ბალარდმა, მატჩის შემდეგ სწორედ ის შეხვედრა გაიხსენა: „ვერ წარმოიდგენთ, რა მტკივნეული იყო 0:3 წაგება და ამ სცენის ყურება. გულშემატკივრებს იმედი გავუცრუეთ და ბედნიერები ვართ, რომ ამ გამარჯვებით გავახარეთ“.
ცნობისთვის, „სანდერლენდი“ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და 26 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო „ნიუკასლი“ 22 ქულით მე-12 პოზიციაზეა.