ქოქრილის შეცვლის კანდიდატი - ბორჯღალოსნებზე საფრანგეთში დაწერეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში უახლოეს მომავალში სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელი შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა გაავრცელა, რომლის ცნობითაც რიჩარდ ქოქრილის შეცვლის მთავარი კანდიდატი ფრენკ აზემაა.
სტატიაში წერია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებსა და „ბრივის“ დამრიგებელ პიერ-ანრი ბრონკანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ 54 წლის აზემა იქცა, რომელიც ოქტომბერში „პერპირიანიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია და საინტერესო წინადადებების მოსასმენად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ამ უკანასკნელს „პერპირიანის“ გარდა „ტულონსა“ და „კლერმონშიც“ უმუშავია, რომელიც მისი ხელმძღვანელობით 2017 წელს საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა.
ცნობისათვის, რიჩარდ ქოქრილის პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში ნოემბრის რიგით მესამე ტესტ-მატჩში იაპონელებთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ დადგა, ხოლო გუშინ მისმა მომზადებულმა „შავმა ლომმა“ ევროპის ჩელენჯ თასზე ირლანდიის „კონაჰტთან“ 0:52 წააგო.