ორი ლელო და ზუსტი გარდასახვები - ნიორაძე-აბჟანდაძე-პეტრიაშვილის ტრიო
საფრანგეთის Pro D2-ის XIII ტური ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული გამოდგა. სანაკრებო ბატალიებიდან კლუბებში დაბრუნებულმა მოთამაშეებმა ტრადიციულად უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და საკუთარი გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანეს.
„ორიაკი“ – „ბრივის“ (24:13) შეხვედრაში მასპინძლების შემადგენლობაში გამორჩეული ლუკა ნიორაძე და თედო აბჟანდაძე იყვნენ. პირველმა მათგანმა ლელო დადო, ხოლო მეორემ გარდა იმისა, რომ სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ერთ-ერთ ეპიზოდში მისი მეტოქის ნახევრისკენ გადაკიდებული პასის შედეგად მასპინძლებმა მიძალების შემდეგ სტუმრებს ბურთი წაართვეს და მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღეს.
„ნევერმა“ საკუთარ სტადიონზე „დაქსი“ 6-ქულიანი სხვაობით, 32:26 დაამარცხა, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველმა მორაგბემაც შეიტანა. კერძოდ ლუკა პეტრიაშვილმა მე-15 წუთზე ანგარიში ლამაზი ლელოთი გახსნა და საერთო ჯამში „ნევერელთა“ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
ცამეტ ტურში დაგროვებული 49 ქულით PRO D2-ის სატურნირო ცხრილს „ვანი“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ვალენს რომანს“ 6 ქულით უსწრებს.