დისციპლინის გადაცდომა და მარტივი შეცდომები - ამაშუკელი იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე
ნოემბრის ტესტ-მატჩები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულა. ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის გუნდების ძლევით ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრები უზომოდ გაახარეს, თუმცა იაპონიასთან მატჩი, რომელიც თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, ქართველმა მორაგბეებმა დრამატულ ბრძოლაში დათმეს.
რა იყო „საკურებთან“ წაგების მთავარი მიზეზი და რამდენად ცუდია ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის მსოფლიო რაგბის მიერ რამდენიმე კვირის წინ დააანონსებული ცვლილებები, ამის თაობაზე Crystalsport-თან ინტერვიუში ავტორიტეტულმა ქართველმა არბიტრმა ნიკა ამაშუკელმა დეტალურად და საინტერესოდ ისაუბრა.
ნიკა ამაშუკელი
იაპონიასთან მართლაც დასანანი მარცხი განვიცადეთ. მოგებული თამაში ბოლო წუთზე დისციპლინის გადაცდომისა და ისეთი მარტივი შეცდომის გამო წავაგეთ. ისე გავისარჯეთ, რომ მსაჯს არ დავუტოვეთ სხვა არანაირი გამოსავალი გარდა ჩვენი დაჯარიმებისა კარის წინ. ფაქტია, რომ შანსი ვერ გამოვიყენეთ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს იყო კრიტიკულ მომენტში არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები. კრიტიკულ მომენტს როცა ვამბობ, ვგულისხმობ ბოლო ათ წუთს, როდესაც ანგარიში თითქმის თანაბარია და ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იაპონიასთან შეხვედრაში ჩვენი შემტევი პოტენციალი ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ და ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. ვერ ვიყავით ფიზიკურად ისეთივე დომინანტები, როგორც წარსულში და ვერ მოვახერხეთ, რომ იაპონია დაგვეჩაგრა. გვქონდა რაღაც მომენტები, რომელიც ვერ გამოვიყენეთ, თუნდაც აკა ტაბუცაძის ეპიზოდი, რომელსაც ბოლო წამს ბურთი ხელიდან გაუვარდა.
საგულისხმოა ისიც, რომ იაპონელები უფრო გადაღლილები ჩანდნენ, რადგან ისინი შემოდგომის თუ არ ვცდები მეხუთე ტესტს ატარებდნენ და შესაბამისად არც ისინი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა ჩვენი გაფლანგული შანსები ცუდად შემოგვიტრიალდა.
რაც შეეხება მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას, ერთს ვიტყოდი - შეიკრიბა ელიტარული სარაგბო თემი და თავისთვის მოიწყვეს ტურნირი, სამართლიანობის პრინციპს იმ წამსვე არღვევს, როდესაც ადამიანი ამის შესახებ გაიგებს. წარმოიდგინეთ იმ პერიოდსა და იმ ერაში, როდესაც ყველაფერი გლობალური ხდება და ყველაფერი პროგრესირებს, რაგბიში სამწუხაროდ ვერ გავცდით ამ ელიტარულ წრედს.
არ ვამბობ, რომ ეს სწორია, ან სამართლიანია, უბრალოდ ამას თავისი ახსნა აქვს. რაგბს ფინანსურად ძალიან უჭირს და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის ბიზნესს ფინანსურად რომ უჭირდეს, ის გაფართოებაზე კი არა, გადარჩენაზე დაიწყებს ფიქრსა და ზრუნვას. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ვინმე გავამართლო, უბრალოდ მინდა ის გულშემატკივარი, რომელმაც ამის შესახებ არ იცის, საქმის კურსში ჩავაყენო.
რაც შეეხება მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს, რეალურად ეს ახალი ტურნირიც არ არის. ეს არის რაგბის ძველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები ამოდიოდნენ ჩრდილოეთში, ხოლო ივლისის ტესტებზე ჩრდილოეთის გუნდები ჩადიოდნენ სამხრეთში, უბრალოდ ამ ყველაფერს მიეცა სტრუქტურიზებული სახე.
ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ როგორც იაპონიამ მოახერხა თავისი გზის გაკვალვა, ჩვენც იგივე უნდა შევძლოთ. თუმცა, თავიდანვე კენწეროში ასვლაზე არ უნდა ვიფიქროთ და უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რამდენად მზად ვართ შინაგანად, რომ მივიღოთ ეს სპორტი ისეთი, როგორიც არის, რამდენად ცხოვრობს ხალხი რაგბით და რამდენად უნდათ მშობლებსა და ბავშვებს რომ რაგბი იყოს მათი ცხოვრების წესი.
ნაკრები რომ სისტემატურად თამაშობდეს ტიერ 1-ის გუნდებთან, ეს იქნებოდა ბიძგი, ყველა ბიძგი წარმოშობს განგრძობადობას, განგრძობადობას კი უნდა შენარჩუნება, რასაც რამდენად ვახერხებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ალბათ ამ მხრივ ოქროს შუალედი იქნებოდა, რომ დიდი 10-ის კლუბები, ან „შავი ლომი“ ყოფილიყვნენ ელიტარულ სარაგბო სივრცესთან ახლოს, რაც სამწუხაროდ ასე არის, რაც ჩემი აზრით უფრო მეტად დამაზიანებელია, ვიდრე ის, რომ ბორჯღალოსნები პირველი დონის ქვეყნებს იშვიათად ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, 2027 წლის მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დაიწყება და საქართველოს ეროვნული გუნდის ყველაზე მეტოქე გაირკვევა.