„მორაგბე, რომელიც იმსახურებს წლის საუკეთესოდ დაასახელონ“ | All Things Rugby ნინიაშვილზე
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ All Things Rugby-იმ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ავტორმა 2025 წლის საუკეთესო მორაგბე დაასახელა და მისი რჩეული დავით ნინიაშვილი გახდა. All Things Rugby-იმ მკითხველს აუხსნა კიდეც, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
„World Rugby-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ყოველთვის იწვევს დებატებს — რა თქმა უნდა, მისი აზრიც სწორედ ეს არის. საუკეთესო სეზონის მქონე მორაგბეს ექსპერტთა პანელი ასახელებს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ყველაფერი მაინც სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე დგას.
ობიექტურები რომ ვიყოთ და მხოლოდ სტატისტიკას დავეყრდნოთ, ვნახავთ, რომ ერთი მოთამაშე სხვებს აშკარად აღემატება — და ამ მორაგბის სახელი ალბათ აზრადაც არ მოგივიდოდათ. მიმდინარე სეზონში მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტული მოიგო, ევროპის თასის ფინალში ითამაშა და პრაქტიკულად ყველა შეტევით მაჩვენებელში ლიდერობს, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. ამ მოთამაშის სახელი და გვარი დავით ნინიაშვილია — საქართველოს ნაკრების ფულბექი.
მტკიცებულებები: ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა, ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედება, ყველაზე მეტი მოგებული მეტრი, ყველაზე მეტი ჩამოშორებული მეტოქე, მეორე ყველაზე მეტი ხაზის გაჭრა, მესამე ყველაზე მეტი ოფლოუდი, ტოპ 10-ში — დარტყმით მოპოვებული მეტრებითა და მიძალებებით.
ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მორაგბეა. ამას ემატება სიც, რომ ზემოთ ხსენებულ სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული ის, რომ ნინიაშვილი საჰაერო ორთაბრძოლებში ბრწყინვალეა, ათიანზე შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, ჯარიმებსა და გარდასახვებსაც ურტყამს. ქართველ მორაგბეს უმაღლეს დონეზე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და კონტრშეტევებზე უკიდურესად სახიფათოა. ეს ერთჯერადი გამონათება არ არის — ნინიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს.
დებატები
ერთადერთი ფაქტორი, რაც მის გამოსვლას ოდნავ აფერმკრთალებს, ისაა, რომ ამ ყველაფერს ტიერ ორის დონეზე აჩვენებს. ნინიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს. ბორჯღალოსნები ტიერ ორის სხვა ნაკრებებს მინიმუმ ერთი თავით აღემატებიან და სავარაუდოდ, კვლავაც მოიგებენ რაგბი ევროპის ჩემპიონატს. წარმოიდგინეთ, დომიან ვილემსე, თომას რამოსი ან უილ ჯორდანი საქართველოს ნაკრებში — მათაც დაახლოებით მსგავსი სტატისტიკა ექნებოდათ.
თუმცა, მეორე მხრივ, ბორჯღალოსნების ფორმით კიდევ 14 მორაგბე თამაშობს და მათ შორის არც ერთი უახლოვდება ნინიაშვილის დონეს. მოდით, შეკითხვა შემოვაბრუნოთ: როგორ ითამაშებდა ნინიაშვილი ირლანდიის, ინგლისის ან ახალი ზელანდიის ნაკრებში? პასუხი, სავარაუდოდ, ასეთია — ძალიან, ძალიან კარგად.
დამატებითი არგუმენტია მისი სტატისტიკა „ლიონში“. „ლიონი“ ტოპ 14-ის საშუალო დონის გუნდია, მაგრამ გასულ სეზონში ნინიაშვილი მოპოვებული მანძილით მესამეზე იყო, ხოლო შეტევითი მაჩვენებლებით პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში ტოპ 15-ში შედიოდა.
რაგბის იშვიათი მაყურებელიც კი ნინიაშვილს ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელებდა. მაგრამ მიიღებს თუ არა ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს? ალბათ — არა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველო ტიერ ორის დონეა და ახლო მომავალში ამის შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, ამ სტატიით მაინც შევძელით მისი თამაშის გამორჩევა“, — წერს All Things Rugby.
ცნობისთვის, ნინიაშვილი „ლიონის“ ღირსებას 2021–2025 წლებში იცავდა, ამჟამად კი „სტად როშელაში“ ასპარეზობს.