CB ეროვნული ლიგა: ბათუმის დინამომ 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში დინამო ბათუმი სტუმრად თელავს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მატჩი თანაბარი გამოდგა. გარდამავალ უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ დაეუფლა. ანგარიში 36-ე წუთზე კალანდარიშვილმა გახსნა და აჭარლებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. 61-ე წუთზე მანდრიჩენკომ სხვაობა ორამდე გაზარდა და ბათუმის დინამოს უპირატესობა სოლიდური გახდა.
მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 68-ე წუთზე კუტალიამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. 89-ე წუთზე ბათუმის დინამოს მარცხენა გარემარბმა ლუკა წულუკიძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ჭიაბრიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 6 ქულით ჩამოშორდა. შემდეგ ტურში აჭარლები სტუმრად სამგურალს დაუპირისპირდებიან.