VAR-ი ჩაერთო და პენალტი სამჯერ გაუქმდა | ჯინჯოლავას შორეული გასროლა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო’’ შინ „იბერიასთან’’ 0:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი სამჯერ დანიშნა, თუმცა VAR-ის ჩართულობის შემდეგ ნინუამ სამივე პენალტი გააუქმა.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა, 49-ე წუთზე ჯინჯოლავამ ჯარიმიდან გაიტანა. მათე თურმანიძეს შეეძლო მოგერიება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბურთი მასთან ახლოს დაეცა და მიმართულება შეიცვალა. მარტივად ასაღები არ იყო.
69-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის ოსტატური ჩაწოდების შემდეგ ამირან ძაგანიამ თავით გაიტანა. მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში 24 წლის ფორვარდის აქტივში 15 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოს'' შეუგდო, საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამოსთან'' დუბლი შეასრულა.
31 ტურის შემდეგ „იბერია'' და „დილა'' 65-65 ქულით პირველზე არიან. ურთიერთშეხვედრებში თბილისურ კლუბს უპირატესობა აქვს, ამ სეზონში „დილას'' ოთხივე თამაში მოუგო. ასევე, „იბერიას'' უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს. თბილისის „დინამოს'' აქტივში 52 ქულაა, „ტორპედო'' 50 ქულით მეოთხეა.
ბათუმის „დინამომ'' ზედიზედ მესამე მატჩი დათმო, 37 ქულით მე-6 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. აჭარულ კლუბში მძიმე ფინანსური პრობლემებია, გუნდის მოუგებელი სერია 11-მატჩიანია, ბოლოს უმაღლეს ლიგაში 11 აგვისტოს მოიგეს, გასვლაზე ლევან ხოზრევანიძის გოლით „გარეჯი'' დაამარცხეს.