დილას რთული გამარჯვება | იბერია 1999-მა ფოთში მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური ფოთში გაიხსნა. „კოლხეთი 1913“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა და თბილისურ კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
უხვგოლიანი გამოდგა „დინამო თბილისისა“ და „გაგრას“ შეხვედრა, რომელშიც 6 გატანილი ბურთი ვიხილეთ. მე-10 წუთზე „გაგრა“ საბა ზოიძემ დააწინაურა. მე-18 წუთზე თბილისელებმა წონასწორობა თორნიკე მორჩილაძის პენალტით აღადგინეს, თუმცა რამდენიმე წამში მათე ცინცაძემ გაისროლა და ბრწყინვალე ბურთი შეაგდო — 1:2.
47-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა ბრწყინვალედ იმოქმედა და დავით მუჯირს გაატანინა, 76-ე წუთზე კი დავით გოცირიძემ გაიტანა. „დინამო თბილისის მაქსიმუმი“ ჩამორჩენის 2 ბურთამდე შემცირება აღმოჩნდა და 88-ე წუთზე აბდულაი იორომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:4.
ასევე 6 გოლი გავიდა „გარეჯისა“ და „თელავის“ შეხვედრაში. მე-2 წუთზე თელაველები ნიკოლოზ ბაშალეიშვილის გოლით დაწინაურდნენ. 36-ე და 42-ე წუთებზე ლევან პაპავამ და გიორგი გოგოლაშვილმა „გარეჯს“ უპირატესობა მოუტანეს — 2:1. პირველი ტაიმის დამატებულ დროს მიხეილ ბაშალეიშვილმა „თელავი“ თამაშში დააბრუნა — 2:2. 53-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა კახელები წინ გაიყვანა, თუმცა თამაზ ცეცხლაძემ „გარეჯს“ ქულა გადაურჩინა.
დღევანდელი სათამაშო დღე „ბათუმი არენაზე“ დაიხურა, სადაც „დილამ“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო. „დინამო ბათუმი“ ლევან ხოზრევანიძის გოლით იგებდა, მაგრამ არუნა უატარამ დუბლი გაიფორმა. 63-ე წუთზე უატარამ კუთხურის შემდეგ თავით შეაგდო, მე-80 წუთზე კი კვლავ თავით მეორე გოლი გაიტანა — 2:1.
ამრიგად, ამ მომენტისთვის, „დილასა“ და „იბერია 1999“-ს 71-71 ქულა აქვთ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი. „დილა“ „სამგურალს“, „კოლხეთი 1913“-სა და „დინამო თბილისს“ ხვდება, ხოლო „იბერია 1999“ — „დინამო თბილისს“, „გარეჯს“ და „გაგრას“.