მოუგებელი სერია უნდა დასრულდეს - ტაბატაძის დაბრუნება ხარისხის გარანტიაა
წინა შაბათ-კვირას „კადისი“ „ალმერიასთან“ დიდი სხვაობით, 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდის მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაიზარდა. კლუბისგან, რომელსაც ლა ლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, ბუნებრივია მსგავსი შედეგებია მიუღებელი და მთავარი მწვრთნელისგან ყველა დაუყოვნებლივ სიტუაციის გამოსწორებას ითხოვს. ცნობილ გამოცემა DIARIO DE CADIZ-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც წერია, რომ ეროვნული ნაკრებიდან იური ტაბატაძის დაბრუნება კრიზისი დაძლევის საწინდარი უნდა გახდეს.
რას წერენ ტაბატაძეზე
იური საქართველოს ნაკრებიდან „კადისს“ ხუთშაბათს გვიან ღამით დაუბრუნდა და პირველი ვარჯიში პარასკევს დილით ჩაატარა. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ გაისკა გარიტანომ ის თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს და ცვლილებაზე ჩართოს შეხვედრაში. ერთი რამ ცხადია, ტაბატაძის და სერბი მცველის, ბოიან კოვაჩევიჩის დაბრუნებამ „კადისის“ სათამაშო ხარისხი ერთიორად უნდა გაზარდოს და ეს ფაქტი კრიზისის დაძლევის საწინდარი გახდეს.
ცნობისათვის, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის XV ტურში „კადისი“ საკუთარ სტადიონზე „კულტურალ ლეონესას“ უმასპინძლებს და შეხვედრა კვირას, 23 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.